ახალი სტადიონი თბილისში და განაცხადი ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის

0
26

თბილისში ახალი სტადიონი აშენდება, რომელიც 70000 გულშემატკივარს დაიტევს. სტადიონზე როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო მატჩები ჩატარდება. როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი სტადიონის აგება ვაზიანის ტერიტორიაზე იგეგმება, სადაც აგრეთვე ახალი აეროპორტიც მოეწყობა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი უეფაში განაცხადს წარადგენს 2028 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის. ამის შესახებ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ირაკლლი კობახიძე: “გვინდა, ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც, არსებითად, სპორტის ამ ორ სახეობას მოემსახურება, გათვლილი იქნება 70 000 მაყურებელზე, იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს ჩვენს დედაქალაქში, მათ შორის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი. მოგეხსენებათ, ბრიტანული სტილის სტადიონებს არ აქვთ სარბენი ბილიკები. ასეთ დროს, მაქსიმალურად ემოციურია კავშირი გულშემატკივარსა და გუნდს შორის. ეს ყველაფერი გუნდის წარმატებაზე კიდევ უფრო მეტად აისახება. ეს იქნება უმაღლესი სტანდარტის სტადიონი. სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. კომპლექსურად შეიძლება განვითარდეს ეს ტერიტორია ასეთ პირობებში. რა თქმა უნდა, ახალი აეროპორტის მშენებლობაც წაადგება მთლიანად სტადიონის სწორად დატვირთვას.
ჩვენ შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე უკვე ახლად აშენებულ სტადიონზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი საჩუქარი ქართველი გულშემატკივრებისთვის, ჩვენს დედაქალაქს ექნება უნიკალური სტადიონი“.
ამასთანავე კობახიზემ წინა ხელისუფლების მხრიდან სპორტისადმი დამოკიდებულებას შეეხო:
“ჩვენ გვაქვს სპორტის ყველა ძირითად გუნდურ სახეობაში უდიდესი წარმატებები. დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლის თავზე ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს ისტორიაში უდიდესი წარმატების მიღწევა.
ფეხბურთელები პირველად გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩვენმა რაგბისტებმა პირველად შეძლეს ექვსი ერის გუნდების დამარცხება, კალათბურთელები პირველად გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 16 გუნდს შორის დაიკავეს პირველად ადგილი, წყალბურთელები გადიან ევროპის ჩემპიონატებზე, გავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვდნენ ზედიზედ ორჯერ, ჩვენი ხელბურთელები გავიდნენ პირველად ევროპის ჩემპიონატზე, სადაც პირველი ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვეს და ინდივიდუალურ სახეობებშიც გვაქვს უდიდესი პროგრესი, მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული, გასამმაგებული ბოლო წლების განმავლობაში, რაც არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები არ გვქონდა იმ ცნობილი ცხრა წლის განმავლობაში, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია, 90-იან წლებთან შედარებითაც კი. მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზეზები.
წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ მაშინ სპორტისთვის მიყენებული ზიანი გამოგვესწორებინა, მივსულიყავით იმ უნიკალურ წარმატებამდე, რომელიც სპორტს აქვს ყველა სახეობაში დღევანდელ დღეს. ასევე, მინდა, გავიხსენო  ერთ-ერთი ფეხბურთელის მონაყოლი, რომელმაც პირადად მითხრა, რომ პოლიტიკური მიზეზების გამო ერთ-ერთ უცხოელ მწვრთნელს უარი უთხრეს მის ნაკრებში გამოძახებაზე. მაშინ ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელი იყო უცხოელი და მას აიძულებდნენ, არ გამოეძახებინა კონკრეტული ფეხბურთელი, ერთ-ერთ ტოპ-ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელი არ გამოეძახებინა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებში. პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ძალიან ხშირად, ასევე კონკრეტული ფეხბურთელის მონაყოლით, ნაკრების ფეხბურთელებს თბილისში თამაშებზე საკუთარი ხარჯით უწევდათ ჩამოფრენა.  ყველას გახსოვთ, როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღეს როგორ გააკეთებინეს იმ დღეს არჩეულ პრეზიდენტს განცხადება გადადგომაზე. არაფერს ერიდებოდნენ, ასეთი უხეში ჩარევა ხდებოდა ფეხბურთში, სპორტში ზოგადად.”.
საქართველოს პრემიერმინისტრმა თბილისის “დინამოს” მფლობელი რომან ფიფიაც გააკრიტიკა:
“ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რა მოხდა „თბილისის დინამოს“ გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს კონკრეტული ბიზნესმენი, რომელსაც მაინცდამაინც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე, მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, თბილისის „დინამო“ და კლუბი, ფაქტობრივად, განადგურების პირამდე მიიყვანეს, ნულოვანი წარმატება ჰქონდა ბოლო ტურნირებზე. ასევე, დღეს რომ შევხედოთ, საქართველოს ჩემპიონატზე „თბილისის დინამოს“ აქვს ათი თამაში, 12 ქულა და მეხუთე ადგილზეა. ამ მდგომარეობამდე მიიყვანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ ჩვენი საამაყო სპორტული კლუბი“.
ლაშა თაბაგარი