სიმონე ინძაგი: „მოთამაშეებს ვერ ვუსაყვედურებ“

0
60

მილანის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის სიმონე ინძაგის თქმით, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ მარცხის მიუხედავად, თავის ფეხბურთელებთან პრეტენზია არ აქვს.
„რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ. თუმცა, მთელმა ჩვენმა ოჯახმა უნდა იამაყოს იმით, რაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში გავაკეთეთ. მეორე ტაიმში უკეთესად უნდა გვეთამაშა. დამატებით დროში მეტი ენერგია გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.
წაგებას მიჩვეულნი არ ვართ. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან დიმარკოს გოლის მერე ორი მატჩის ჯამში 2:0 ვიგებდით და იმ მომენტში თავი უკეთესად უნდა დაგვეცვა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ დონეზე გადამწყვეტ როლს დეტალები თამაშობს და შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ამის მიუხედავად მოთამაშეებს ვერ ვუსაყვედურებ – მათ იმით უნდა იამაყონ, რაც გააკეთეს“ – იუწყება ინძაგის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი