საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის განცხადებით, ჯაბა კანკავას დაბრუნება მისი სურვილი იყო. მან ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც 21 მარტს თბილისში ლუქსემბურგთან მატჩისთვის გამოძახებული ფეხბურთელების სია თავად წაიკითხა. ამის პარალელურად საპრესკონფერენციიო დარბაზში დამონტაჟებულ ეკრანზე მოთამაშეთა ფოტოები გამოისახა. მსგავსი მეთოდით ეროვნული გუნდის სიის დასახელება ქართული ფეხბურთის ისტორიაში მანამდე არასოდეს მომხდარა. პრესკონფერენციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი მონაწილეობდა.
ვილი სანიოლი: “დღევანდელი პრესკონფერენცია ნიშნავს, რომ ახლა უკვე გადამწყვეტ ეტაპზე ვართ. გუნდისთვის, სტაფისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთელი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მომენტია. სწორედ ამიტომ, ბედნიერი ვარ დღეს აქ ყოფნით.
ჯაბა კანკავას ნაკრებში დაბრუნება ჩემი სურვილი იყო. ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. მას ძალიან ბევრი თამაში აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდში, თუმცა სანაკრებო კარიერაში პაუზის აღება სურდა და ჩვენ მივიღეთ მისი გადაწყვეტილება. ამავდროულად, ჯაბა ბრატისლავის სილოვანში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ საუბარი ალექსანდრე იაშვილთან ერთად დავიწყეთ, დავინტერესდით ჯაბას პოზიციით ნაკრებში დაბრუნების თაობაზე და მისმა პასუხმა ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. ჯაბამ გვითხრა, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუნდაც ერთი წუთი რომ ეთამაშა საკუთარი ქვეყნის დასახმარებლად. მან იცის, რომ ახლა მნიშვნელოვანი მომენტია. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა და სწორედ ამიტომ არის ჯაბა ახლა ნაკრებთან ერთად“.
არ არის მნიშვნელოვანი ვართ თუ არა, ლუქსემბურგთან ფავორიტი. მთავარია, რომ სახლში ვთამაშობთ ჩვენი გულშემატკივრის წინაშე. ისტორიული თამაშია და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.
ირაკლი აზაროვის სანაკრებო სიის მიღმა დატოვება რთული გადაწყვეტილება იყო. კლუბში მის თამაშზე საუბარი არ მსურს, რადგან კლუბში და ნაკრებში განსხვავებული მოცემულობაა. ჩემთვის, აზაროვი ძალიან კარგი ახალგაზრდა მოთამაშეა. ნაკრებში კარგი თამაშები აქვს ჩატარებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი ასპარეზობით კმაყოფილი არ ვიყავი. განსაკუთრებით კვიპროსთან, შოტლანდიასთან და ესპანეთთან მატჩებში. ბევრი დადებითი თვისება აქვს, თუმცა უნდა გაიგოს, რომ მცველია და მოედანზე მცველივით უნდა მოიქცეს. სწორედ ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. მწვრთნელი ვარ და თუ ჩემი ფეხბურთელი შესაძლებლობებს ვერ წარმოაჩენს, შესაბამისად სათამაშო დრო არ მიეცემა. ამავდროულად, ლევან შენგელიამ მისთვის ახალ პოზიციაზე ძალიან კარგად იასპარეზა კვიპროსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებში. მან დაიმსახურა ნაკრებში ყოფნა. ასევე, გვყავს გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია, მებრძოლი მოთამაშეა და ეს თვისება ძალიან გვჭირდება პლეი ოფში.
თუ სანაკრებო სიას მოთამაშეთა პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შევადგენ, საბა ლობჟანიძე ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება, რადგან შესანიშნავი ადამიანია და მასთან მუშაობა მიყვარს. მან მიიღო გადაწყვეტილება კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგრძელების შესახებ და ბედნიერი ვარ მისი წარმატებებით. თუმცა, კვირას საღამოს, გვიან თამაშობს საკლუბო მატჩს, რაც ნიშნავს, რომ ნაკრებს გვიან შემოუერთდება და აღდგენისთვის საკმარისი დრო არ ექნება და 100 პროცენტით ვერ დაიხარჯება. შესაბამისად, ვეცადე, რომ გუნდისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებები მიმეღო კონკრეტულად პლეი-ოფი მატჩებისთვის, თუმცა ეს არ ეხება მომავალს.
ზაფხულის შემდეგ ბევრი რამ გამოვცადეთ და სია, რომელსაც დღეს ხედავთ, ამის შედეგია. ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახებისას ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სწორედ ამიტომ არის ეს რთული და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. რადგან, ყველას განსხვავებული ხედვა გვაქვს და ეს მომავალშიც ასე იქნება.
ერთა ლიგის და ჩვეულებრივი შესარჩევი ციკლის შედარება რთულია, ბულგარეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის დიდი პატივისცემის მიუხედავად, შესარჩევ ეტაპზე ბევრად ძლიერი მეტოქეები გვყავდა. ესპანეთთან გვქონდა ტაქტიკური შეცდომები, ამას ვაღიარებ. ზოგადად, ლუქსემბურგთან მთავარი შედეგი იქნება, მირჩევნია შედარებით ცუდი თამაშის ხარისხით 1:0 მოვიგოთ, ვიდრე შემტევი ფეხბურთით წავაგოთ. ლუქსემბურგის ნაკრებს გავაანალიზებთ და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე შესაბამისად მივუდგებით თამაშს.
ფიზიკური მომზადება ერთ-ერთი კრიტერიუმია, რითაც შემადგენლობა შევარჩიე, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია გამოცდილების, თამაშის ხარისხის და შეთამაშების ფაქტორიც. ყოველთვის არსებობს განსხვავებული მოსაზრება თუ ვინ უნდა იყოს ნაკრებში. ამ ეტაპზე ვარჩიე, რომ მარცხენა ფლანგზე ვენდო წიტაიშვილს და შენგელიას, ასევე, გოჩოლეიშვილს, რომელსაც შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში.
არაბიძე იყო გაფართოებულ სიაში. ვიცით, რომ კარგი სეზონი ჩაატარა, ბევრი გოლი გაიტანა. მას ვაკვირდებოდი, როგორც სტადიონზე, ისე ვიდეოჩანაწერებით. მესმის გულშემატკივრების, რომლებიც ითხოვენ მას ნაკრებში, მაგრამ მისი თამაშის ინტენსივობით კმაყოფილი არ ვიყავი ბოლო ორ შეხვედრაში. შეიძლება მე არ ვარ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ამას მხოლოდ ჩემი ცოლი ფიქრობს, მაგრამ იურგენ კლოპი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მან თქვა, რომ მხოლოდ ლიონელ მესის შეუძლია მაღალი ინტენსივობის გარეშე თამაში, არც რონალდუს, არც მბაპეს! ბოლო 10 წლის განმავლობაში ფეხბურთი ძალიან შეიცვალა, ბევრად ფიზიკური და ინტენსიური გახდა. შესაბამისად, ასეთი ფეხბურთელები, რომლებსაც მაღალი ინტენსივობით თამაში შეუძლია, საქართველოშიც გვჭირდება. ცხადია, არაბიძისთვის სამომავლოდ ნაკრების კარი ღია რჩება.
მეტოქეებზე ვრცლად საუბარს ყოველთვის ვერიდები და ახლაც არ ვაპირებ. ვისაც ლუქსემბურგი ჯუჯა საფეხბურთო ქვეყანა ჰგონია, ვეტყვი, რომ მეტოქეს პატივი სცენ, მათ საკმაო პროგრესი განიცადეს ბოლო დროს. ტრავმები და პრობლემები ყველა გუნდშია, ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობენ ისინი ჩვენზე ან ჩვენ მათზე, თამაშის დღეს გადამწყვეტი მენტალური მზადყოფნა იქნება.
ყოველთვის მაქვს იმედი, რომ ჩემი ფეხბურთელები მოტივირებული იქნებიან ნებისმიერ თამაშზე, არა მხოლოდ ახლა. რა თქმა უნდა, წნეხი არის, მაგრამ მე ამას დადებითად აღვიქვამ და დაბრკოლებად არ მიმაჩნია. ფეხბურთს სწორედ ასეთი მატჩებისთვის და მისგან გამოწვეული წნეხისთვის ვთამაშობთ, ეს არ უნდა იყოს ჩვენთვის დაბრკოლება. კანკავას დაბრუნება გუნდისთვის მოტივაციაა, რაც შეეხება კაპიტანს, გურამ კაშია იქნება, რადგან ისიც შესანიშნავი კაპიტანია.
მიქაუტაძე რთული პერიოდის შემდეგ კარგ ფორმაშია და ძალიან მიხარია. ზივზივაძეც ასევე კარგ ფორმაშია. მიფიქრია, რომ მათ ერთად ითამაშონ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას შეკრებაზე, ვარჯიშების შემდეგ მივიღებ“.
ალექსანდრე იაშვილი: “ნამდვილად მაგალითია ჯაბა, თუ რას ნიშნავს, შენი ეროვნული ნაკრების რიგებში თამაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ადამიანი გუნდში იყოს. ჯაბასგან საოცარი ემოცია წამოვიდა, ძალიან მიხარია და ამაყი ვარ, რომ ნაკრებს დაეხმარება.
არაერთხელ აღვნიშნე, რომ მთავარია ერთიანობა. ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. ყველა ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით შეგვიძლია მიზანს მივაღწიოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ფეხბურთელებთან სიარული, მათთან საუბარი, მათი თამაშის ყურება. ყველა მოთამაშემ იცის ამ მატჩის მნიშვნელობა, ყველა მზად არის მენტალურად, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად. იმედი მაქვს, რომ შეკრებაზე ყველანი ჯანმრთელად ჩამოვლენ. საგურამოში მოვემზადებით ამჯერად, იქ მხოლოდ ჩვენი ნაკრები იქნება და ფეხბურთელებს მშვიდად მომზადების საშუალება ექნებათ. საგურამოში ახალი საფარი გაკეთდა, რომელიც საუკეთესო მდგომარეობაშია და კომფორტულად მომზადებისთვის იქ ყველა პირობაა.
ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელებს ნაკრებში საუკეთესო პირობები შევუქმნათ, რომ მხოლოდ თამაშზე იფიქრონ. ბოლო წლებია, მაქსიმალურად ასეც არის. ახლა ჩავთვალეთ, რომ საგურამოში მომზადება კარგი იქნებოდა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ გუნდი იყოს ცალკე, მშვიდად, მოწყვეტილი იყოს ქალაქს. საგურამოში მომზადებით 21-წლამდელთა ნაკრებიდანაც კარგი გამოცდილება გვაქვს. ასე რომ, ვფიქრობთ, გუნდი იქ ყოფნით მხოლოდ თამაშზე იფიქრებს და მაქსიმალურად კონცენტრირებული იქნება.
ეს არაფერს აზიანებს. პირიქით, კარგია, რომ შენი მწვრთნელით სხვა ქვეყანაში ინტერესდებიან. ეს ნიშნავს, რომ კარგად მუშაობს. მას წლის ბოლომდე აქვს კონტრაქტი და ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, მშვიდად ვემზადებით”.
ლაშა თაბაგარი





