გრაცის „შტურმს“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, უეფას კონფერენს ლიგის 1/4-ფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსი დარჩა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაში გრაცელებმა საფრანგეთის „ლილს“ უმასპინძლეს და თავის კარში სამი უპასუხო ბურთი მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს. მატჩის 28-ე წუთზე ავსტრიელების საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბოუადიმ პასი ჯონათან დევიდს გაუკეთა და „ლილის“ საუკეთესო ბომბარდირმა ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. 51-ე წუთზე დევიდმა დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ, „შტურმა“ ანგარიშის შემცირების შანსი ჰქონდა, როდესაც კიტეიშვილმა შორი მანძილიდან დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 71-ე წუთზე ფრანგებმა კუთხური გაითამაშეს და ჟეგროვამ შორი მანძილიდან მარჯვენა მახვილი კუთხიდან ბურთი შორეულ კუთხეში „ჩაახვია“. გოლი მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესოა.
დარჩენილ დროში „შტურმმა“ ერთი გოლიც ვერ გაიტანა და ძალიან ნაკლები შესაძლებლობა აქვს, რომ საპასუხო შეხვედრაში ისეთი ანგარიშით მოიგოს, რომელიც მომდევნო ეტაპზე გაიყვანს.
ლაშა თაბაგარი





