მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში გასვლაზე „ლაიფციგთან“ 1:0 მოგების შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში გერმანული გუნდი ვერ დაამარცხა, მაგრამ 1/4-ფინალში გავიდა.
განვლილი მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 65-ე წუთზე მადრიდელთა კონტრშეტევის დროს ჯუდ ბელინგემმა კარგად შეაყოლა ბურთი მეტოქის საჯარიმოში გახსნილ ვინისიუს ჟუნიორს, რომელმაც ერთი შეხებით ზუსტად დაარტყა – 1:0,
„ლაიფციგს“ ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დასჭირვებია. 68-ე წუთზე რაუმმა მარცხენა ფლანგიდან მადრიდელთა საჯარიმოში ჩააწოდა და ორბანმა ორთაბრძოლაში ნაჩოს აჯობა, რის შემდეგ თავით ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა. მადრიდელებმა მიმდინარე გათამაშებაში თამაში პირველად ვერ მოიგეს. „რეალს“ 2013 წლიდან მოყოლებული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გერმანულ გუნდთან არ წაუგია. კარლო ანჩელოტიმ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეხუთედ გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი





