ბათუმის „დინამოს“ სეზონის სტარტი წარმატებული გამოუვიდა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგეს. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურის დასკვნით შეხვედრაში მოქმედი ჩემპიონი დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „გაგრას“ ესტუმრა და 3 ქულა დამაჯერებლად აიღო.
მე-16 წუთზე ბათუმელთა შეტევის დროს, სენეგალელმა ონორე გომისმა მასპინძლების საჯარიმოში ბრაზილიელი ჟან ვიქტორი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 0:1. 35-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა ლევან გეგეჭკორმა ბურთი „დინამოს“ საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც საჰაერო ორთაბრძოლა მათე ვაწაძემ მოიგო, ხოლო გიორგი ხარებაშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გაათანაბრა.
62-ე წუთზე დინამოელებმა კუთხური გაითამაშეს და მარცხენა ფლანგიდან ვანდერსონ სილვას ჩაწოდების შემდეგ, სტუმართა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ თავით მეტოქის კარი აიღო – 1:2. ამ ეპიზოდში „გაგრას“ მეკარე ლევან შოვნაძეს გუნდის გადარჩენა შეეძლო, მაგრამ ბურთი ვერ მოიგერია. მე-80 წუთზე გიორგი წიტაიშვილი მარცხენა ფლანგზე „გაგრას“ საჯარიმოს მიუახლოვდა და ჩააწოდა, ხოლო გიორგი უბილავამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:3. „გაგრამ“ მიჯრით მეორე მატჩი წააგო.
გაგრა 1:3 დინამო ბთ
ლაშა თაბაგარი





