ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის სერია A-ში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 27-ე ტურში „ნაპოლიმ“ სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ ტურინის „იუვენტუსს“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩში ანგარიშის გახსნის პირველი რეალური შანსი 34-ე წუთზე დუშან ვლახოვიჩს ჰქონდა, როდესაც „ნაპოლის“ საჯარიმოში მაცხნიდან შეჭრილმა კარიდან წინ გამოსულ მერეტს თავს ზემოთ გადაუგდო ბურთი, რომელიც გვერდით ძელს მოხვდა.
ამ ეპიზოდიდან ოთხ წუთში კვარაცხელია ტურინელთა საჯარიმოში მარცხენა ფრთიდან შევიდა და მას მერე რაც ორ მცველს გაცდა, „ცაციათი“ დაარტყა – შჩესნიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
42-ე წუთზე „იუვეს“ მცველმა ბრემერმა თავით მოიგერია ბურთი, რომელიც სტუმართა საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ მიწაზე დაუშვებლად დაარტყა და ანგარიში გახსნა – 1:0. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში მე-9 გოლი მიითვალა. ტაიმის მიწურულს ტრაორემ თავის საჯარიმოსთან ახლოს დაკარგა ბურთი და ვლახოვიჩმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. პირველ ტაიმში კვარაცხელიასთან უხეშობისთვის მსაჯმა ყვითელი ბარათი ჯერ ვლახოვიჩს აჩვენა, ხოლო შემდეგ – კამბიასო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ნეაპოლელთ საჯარიმოში კამბიასომ მიიღო ბურთი და ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა.
81-ე წუთზე „იუვეს“ შეტევის დროს კიეზამ ბურთი ალკარასთან გაათამაშა და საჯარიმოში შესულმა შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 1:1.
88-ე წუთზე ოსიმენის შესრულებული პენალტი შჩესნომ მოიგერია, ხოლო რასპადორიმ დამატებაზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კვარაცხელია მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე შეცვალეს და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. “ნაპოლი” 43 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





