ბუდუ ზივზივაძემ მიმდინარე სეზონში “კარლსრუეს” მაისურით გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში თავისი მერვე გოლი გაიტანა. 23-ტურში “კარლსრუე” სტუმრად “კაიზერსლაუტერნს” შეხვდა და 4:0 დაამარცხა. მატჩამდე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდის მოედანზე გასვლა სათუო ოყო მცირე ტრავმის გამო, მაგრამ დაზიანება სერიოზული არ აღმოჩნდა და ზივზივაძე განაცხადში მოხვდა. ის მოედანზე 88-ე წუთზე შეუშვეს, როდესაც სტუმრები 3:0 იგებდნენ, თუმცა ბუდუმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მეტს იმსახურებს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ტიედემ მასპინძლების საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბუდუმ ყველას დაასწრო და თავით ეფექტური გოლი გაიტანა. ზივზივაძე გატანილი გოლების რაოდენობით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და მატანოვიჩს 1 გოლით ასწრებს. “კარლსრუე” 32 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





