გიორგი მიქაუტაძემ „მეცში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა. 23-ე ტურში საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლმა „მეცმა“ „ლიონს“ უმაასპინძლა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-13 წუთზე მიქაუტაძემ მეტოქის ნახევარზე „ლიონის“ ფეხბურთელის მიერ თანაგუნდელისთვის დაბრუნებული ბურთი ჩაჭრა, შემდეგ მცველს ცრუ მოძრაობით გვერდი აუარა და საჯარიმოში შესულმა წინ გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო. მან მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 9 შეხვედრაში 3 გოლი მიითვალა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მასპინძლებმა ანგარიში ვერ შეინარჩუნეს – პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე ლაკაზეტმა საპასუხო ბურთი გაიტანა, ხოლო მე-60 წუთზე „ლიონიდან“ თავი ბენრაჰმამ გამოიჩინა. „მეცი“ 17 ქულით 18-გუნდში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი





