ლეგენდრული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი საფეხბურთო კარის ზომის გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამჟამად, კარის სიმაღლე 2,44 მეტრია, ხოლო სიგანე 7,32 მეტრი.
„თქვენ შეგიძლია ნათლად დაინახოთ მეკარეების სიმაღლის გავლენა შორეული დარტყმების დროს. 30 წლის წინ ყოველ 50 დარტყმაზე 10 გოლი მოდიოდა. ახლა კი, 50 დარტყმის მერე 3 გოლი გადის, რაც ძალიან ცოტაა. შორი მანძილიდან ორმეტრიანი მეკარისთვის გატანა გაცილებით რთულია“ – ციტირებს იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო 2006 წლის ჩემპიონატის მომგებ ბუფონს Tuttosport.
45 წლის ბუფონი შთამბეჭდავი კარიერის განმავლობაში „პარმაში“, ტურინის „იუვენტუსში“ და პსჟ-ში გამოდიოდა. მან გასული სეზონი სწორედ „პარმაში“ გაატარა, სადაც პროფესიონალურ ფეხბურთში პირველი ნაბიჯი გადადგა.
„პარმაში“ ბუფონმა 8 სეზონში 265 თამაში ჩაატარა. მან „იუვენტუსში“ 19 სეზონი დაჰყო და 685 შეხვედრა გამართა, რაც ტურინული გრანდის ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია ალესანდრო დელ პიეროს შემდეგ (705). პსჟ-ში კი ერთ სეზონში 29-ჯერ ითამაშა.
იტალიის ნაკრებში ბუფონმა 1997-2018 წლებში 176 მატჩი ჩაატარა, რაც „სკუადრას აძურას“ რეკორდია. მან 10-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (რეკორდი), 6-ჯერ იტალიის თასი (რეკორდი), 7-ჯერ იტალიის სუპერთასი (რეკორდი), ხოლო თითოჯერ – უეფას თასი, საფრანგეთის ჩემპიონატი და საფრანგეთის სუპერთასი.
ის იტალიის ეროვნული გუნდის მაისურით 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, 2012 წელს – ევროპის ვიცეჩემპიონი, ხოლო 1996 წელს, – ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონი.
ბუფონი ერთადერთი მეკარეა ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (2002-2003).
ლაშა თაბაგარი





