საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩს თბილისში გამართავს. მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ, 20 დეკემბერს ჩაატარებს.
მოახლოებულ შეხვედრას ავთანდილ ასათიანის გუნდი შემადგენლობაში ცვლილებებით ხვდება. სომხეთთან მატჩის შემდეგ, ტრავმების გამო, გუნდს ბრუნო პეტრი და ბრუნო გომესი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად საქართველოს ნაკრებს საბა ტყეშელაშვილი (კსუ) და ჯანიკო გიორგაია (თსუ) შეუერთდნენ. პორტუგალიასთან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე.
მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩვენმა გუნდმა თამაშის მასპინძელ არენაზე, თბილისის სპორტის სასახლეში ივარჯიშა. მოახლოებული შეხვედრის შესახებ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა ისაუბრეს.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი).
წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ბექა ბექაური (კსუ), ჩიმბა (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (თსუ), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი)





