კვარაცხელიამ „ნაპოლის“ მოაგებინა

0
63

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში „ნაპოლიმ“ „კალიარი“ მიიღო და ხვიჩა კვარაცხელიას წყალობით სამი ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა განვლილ მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისი კრიტიკა როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში  მიმდინარე სეზონში უსაფუძვლოა და მასპინძლებში ისევ ყველაზე გამორჩეული იყო.
„ნაპოლი“- „კალიარის“ დაპირისპირება დანიშნულ დროზე ნახევარი საათით გვიან დაიწყო, რადგან კლიმატური პირობების გაუარესების გამო, გულშემატკივრები სტადიონზე დროულად ვერ შედიოდნენ. კერძოდ, ნეაპოლში ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელმაც სტადიონის სახურავი დააზიანა და ამის გამო, დიეგო მარადონას სახელობის არენაზე შესასვლელი კარები თამაშის დაწყებამდე 75 წუთით ადრე გაიხსნა.
კვარაცხელია შესვენაბამდე ძალიან აქტიურობდა, ხოლო მეტოქე მცველები მის შესაჩერებლად უხეშობდნენ და რამდენჯერმე ხვიჩა ტრავმასაც გადაურჩა, განსაკუთრებით მაგრად შესვენაბმდე ცოტა ხნით ადრე მოხვდა, როდესსაც ფეხზე გაჭირვებით წამოდგა. „ნაპოლის“ ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ერთი რეალური სახიფათო მომენტი შექმნა, როდესაც პოლიტანომ ჯარიმის შესრულების დროს გადაცემა „კალიარის“ საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა რაჰმანიმ თავიდ დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. თავად ხვიჩას ორ ეპიზოდში ახლო მანძილიდან თავით უკეთესად რომ დაერტყა, შესაძლოა სარდინიელთა კართან ვითარება გამწვავებულიყო.
69-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე მყოფმა კვარაცხელიამ შეტევაში ჩართული მარიო რუი მოძებნა, რომელმაც საჯარიმოში ჩააწოდა და ნიგერიელმა ოსიმენმა მაღალ ნახტომში თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
73-ე წუთზე ლუვუმბო „ნაპოლის“ საჯარიმოსტან ახლოს მარცხენა ფრთაზე ერთ მცველს გაცდა და პასი პავოლეტის გაუკეთა, რომელმაც ნათანს დაასწრო, რის მერე ახლო მანძილიდან გაიტანა – 1:1. 75-ე წუთზე ოსიმენმა „კალიარის“ საჯარიმოში ბურთი სამ მცველს შორის მიიღო, ჯერ ფეხით აკენწლა, შემდეგი თავით, რასაც ფინტიც მიაშველა და პასი კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა – 2:1. მან მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონაში მე-5 ბურთი შეაგდო, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა.
კვარაცხელია 89-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ნაპოლი 29 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. ცნობისთვის, 27 სექტემბრის შემდეგ “ნაპოლიმ” საშინაო თამაში პირველად მოიგო.
ლაშა თაბაგარი