გიორგი ქვილითაიამ აპოელის შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავისი მესამე გოლი გაიტანა. მე-13 ტურში ნიქოზიელებმა „დოქსა“ მიიღო და 5:0 გაანადგურეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან თანაგუნდელის პასის მერე, მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ქვილითაიამ ვარდნაში მეტოქის კარი ეფექტურად აიღო. საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ლაშა დვალი დიდი ხანია ტრავმირებულია და განაცხადში არ იყო. აპოელს 29 ქულა აქვს და 14-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში ბრატისლავას „სლოვანმა“ შინ „რუჟემბეროკს“ ვერ მოუგო – 2:2. საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ მასპინძლებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო კაპიტანი გურამ კაშია მოედანზე 74-ე წუთზე შევიდა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 39 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი





