“ნაპოლი” “ინტერთან” დაიჩაგრა

0
28

მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარის დანიშვნის შემდეგ “ნაპოლიმ” იტალიის სერია A-ში პირველი მატჩი წააგო. მე-14 ტურში ნეაპოლელებმა გათამაშების ლიდერ სიმონე ინძაგის გაწვრთნილ “ინტერს” შინ დაუხვდნენ და ჯეროვნად ვერ შეეწინააღმდეგენ, რაც ანგარიშში გამოიხატა. ორი ტაიმის განმავლობაში მასპინძლებმა ერთადერთი სახიფათო მომენტი შექმნეს, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და ახლო მანძილიდან მარცხენათი დაარტყა, მაგრამ იან ზომერმა ბურთი მოიგერია.
შეხვედრის 44-ე წუთზე ნიკლა ბარელას პასის შემდეგ, ჰააკნ ჩალანოღლუმ დაახლოებოთ 225 მეტრიდან ჩვეულ სტილში ძლიერად დაარტყა და მერეტს შანსი არ დაუტოვა. მეორე ტაიმში “ინტერის” საჯარიმოში ოსიმენს აშკარად ეუხეშნენ, თუმცა, მთავარმა მსაჯმა ეს ეპიზოდი გაატარა და არც რეფერის ვიდეოასისტენტს მიუთითებია, რომ გადაემოწმებინა.
61-ე წუთზე “ინტერისს” კონტრეტევის დროს პოლიტანომ თავის ნახევარზე ცუდად ითამაშა და მისი ფეხიდან ბურთი ლაუტარო მარტინესს მიუვიდა, რომელმაც ბარელა მოძებნა, ხოლო ამ უკანასკნელმა მოწინააღმდეგის საჯარიმოში ორი მცველი ჩამოიტოვა და ანგარიში კიდევ უფრო გაზარდა. 85-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან კუადრადომ პასი ნეაპოლელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც მარკუს ტურამმა ყველას დაასრო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:3.
კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, “ნაპოლი” კი 24 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი