„საბურთალომ“ „სამგურალთან“ ანგარიში ვერ შეინარჩუნა

0
11

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტურის პირველ სათამაშო დღეს ერთი შეხვედრა ჩატარდა – „საბურთალომ“ თბილისში სატურნირო ცხრილში უშუალო მეზობელი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ ორი ბურთით იგებდა, საბოლოოდ მხოლოდ ქულა აიღო.
მე-18 წუთზე „საბურთალოს“ კაპიტანმა იური ტაბატაძემ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ბურთმა ისე რომ საჯარიმოში არავინ შეხებია კარის შორეულ ძელამდე იფრინა, სადაც მდგომმა ოთარ მამაგეიშვილმა ანგარიში გახსნა – 1:0.
25-ე წუთზე ტაბატაძემ მოედნის ცენტრის ხაზთან აართვა ბურთი ალექსსანდრე ვერულიძეს და მეტოქის კარიკენ დაიძრა, მან გზად გიორგი სულქველიძე ჩამოიცილა, ხოლო საჯარიმოსთან მოიახლოებულმა ზუსტად დაარტყა – 2:0.
62-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ კუთხურიდან ბურთი მასპინძლების საჯარიმოში ჩაჰკიდა, სადაც კოტდივუარელმა ფორვარდმა გნამიამ კარიდან გამოსულ ლაზარე კუპატაძეს დაასწრო და ვერც შოთა ნონიკაშვილმა შეუშალა ხელი, რომ ბურთი თავით კარში გადაეგზავნა – 2:1.
81-ე წუთზე ჩიხლაძემ კუთხური ამჯერად მარჯვენა ფლანგიდან შეასრულა და ნიკა კალანდარიშვილმა თავით ანგარიში გაათანააბრა – 2:2.
„სამგურალი“ 51 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, ხოლო „საბურთალო“ ამდენივე ქულით მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი