ევროლიგის რეგულარული სეზონის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას „ბოლონიამ“ სტამბოლის „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 87:79 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის გუნდში კვლავ ყველაზე შედეგიანი იყო. შენგელიამ მოედანზე 28:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ვერცერთი გუნდი სერიოზული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. „ვირტუს ბოლონიამ“ გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში მოაწყო, რომელიც 24:14 მოიგო. უკანასკნელ მეოთხედში კი მეტოქეს დაწევის საშუალება აღარ მისცა.
ევროლიგის ათი ტურის შემდეგ „ბოლონიას“ 7 გამარჯვება და 3 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.





