საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლი A ჯგუფის ლიდერ ესპანეთთან ვალიადოლიდში გამართული მატჩით დაასრულა. თუ თბილისში ესპანელებმა 7:1 მოგვიგეს, ამჯერად უფრო მოკრძალებული ანგარიშით დაგვამარცხეს.
ესპანელებმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნეს, როდესაც საქართველოს ნაკრების ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ფერან ტორესმა მარცხენა ფლანგიდან გადაცემა შორეულ ძელთან გააკთა, სადაც ლუკა ლოშოჩვილი ორ მეტოქესთან მარტო აღმოჩნდა და ლე ნორმანმა თავით გაიტანა – 1:0.
მე-8 წუთზე შეტევში მარჯვნიდან ჩართულმა კარვახალმა სტუმართა საჯარიმოში გავი მოძებნა, რომლის დარტყმის მერე გიორგი მამარდაშვილმა გოლის გაშვებისგან გადაგვარჩინა.
მე-10 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრში ბურთი კარგად „ჩამოიღო“ და საუცხოო პასით უნაი სიმონთან პირისპირ ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა, რომელმაც ნაკრებში თავისი მე-15 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ალექსანდრე იაშვილს დაეწია და ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მესამე ადგილს იყოფს. მათზე წინ მხოლოდ შოთა არველაძე (26 გოლი) და თემურ ქეცბაია (17 გოლი) არიან.
კვარაცხელიამ კარიერაში ესპანეთს მეორე გოლი გაუტანა. მან პირველად პირენელთა კარი 2021 წლის 3 მარტს თბილისში მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშსი 1:2 წაგებულ შეხვედრაში აიღო. კვარაცხელია პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ზედიზედ ოთხ მატჩში გოლი გაიტანა. მასკვარას 15 გოლიდან 14 ოფიციალურ მატჩში აქვს გატანილი და მხოლოდ 1 ამხანაგურში (ტაილანდთან).
22-ე წუთზე ფაბიან რუისისსახიფათო საჯარიმო დარტყმისს მერე, მამარდაშვილმა ბურთი უკუაგდო და შემდეგ მახვილი კუთხიდან მორატასაც არ გაატანინა. ტაიმის შუაწელში გავიმ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე სანსეტი შევიდა. 32-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფლანგზე ფერან ტორესი გაექცა ირაკლი აზაროვს და მისი ჩაწოდების შემდეგ მორატა ახლოა მანძილიდან ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ მამარდაშვილმა კიდევ ერთი გოლის მიღებისგან გვიხსნა. პირველ ტაიმის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დასაწყისში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგეს და საჯარიმოს ხაზიდან როდრის დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა. 51-ე წუთზე ფერან ტორესი სტუმართა საჯარიმოში აზაროვს გაექცა და თავზე დასვა ბურთი როდრის, რომელმაც დაახლოებით 13-14 მეტრიდან ძლიერად დაარტყა – მამარდაშვილმა საუცხოო ნახტომში ბურთი პირით ხაზს იქით მოიგერია. 55-ე წუთზე ნიკო ვილიამსმა ბურთი საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ გაიას შეაყოლა, რომლისს პასის მერე ფერან ტორესმა თავურით მასპინძლები დააწინაურა. გაიამ გოლის გატანის მერე გავი მაისური ააფრიალა თანგუნდელისადმი სოლიდარობის ნიშნად.
72-ე წუთზე მარჯვნიდან იამალის ჩაწოდების შემდეგ ლოჩოშვილმა თავი მამარდაშვილს ახლო კუთხეში გაუტანა. შეგახსენებთ, რომ თბილისში „ფურია როხასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ავტოგოლი სოლომონ კვერკველიამ მიითვალა. მესამე გოლის გაშვებიდან ცოტა ხანში რუმინელმა მსაჯმა ჯერ კვარაცხელია გააფრთხილა, ხოლო შემდეგ ვილი სანიოლი, რომლებიც მისი მოქმედებით უკმაყოფილო იყვნენ.
90-ე წუთზე ესპანელთა მორიგი შეტევა საჯარიმოს მისადგომებიდან ფაბიან რუისის დარტყმით დასრულდა და მამარდაშვილი ბურთს დაეუფლა. 83-ე წუთზე უნაი სიმონი გადაცემის დროს შეცდა და ბურთი ზურიკო დავითაშვილს “ჩააბარა”, რომელიც აკრძალური ილეთით ინიგო მარტინესმა შეაჩერა. საჯარიმო დარტყმა გიორგი ქოჩორაშვილმა დაახლოებით 22 მეტროდან არაზუსტად შეასრულა.
პარალელურად მიმდინარე თამაშში შოტლანდიამ თავის მოედანზე ნორვეგიასთან უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 3:3.
ჩვენმა გუნდმა ჯგუფში 8 ქულით მე-4 დაიკავა -პირველ ადგილზე ესპანეთი (21 ქულა) გავიდა, მეორეზე შოტლანდია (17), მესამეზე ნორვეგია (11), ხოლო ბოლოზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი (უქულო).
საქართველოს ეროვნული ნაკრების მომდევნო მატჩს 2024 წლის 26 მარტს ერთა ლიგის D ლიგის 1/2-ფინალში თბილისში ლუქსემბურგთან ჩაატარებს.
ესპანეთი- საქართველო 3:1 (1:1)
19 ნოემბერი. ვალიადოლიდი. ხოსე სორილიას სახელობის სტადიონი.
ესპანეთი: უნაი სიმონი, ლე ნორმანი, მარტინესი, კარვახალი, გაია, ფაბიან რუისი, როდრი (სუბიმენდი, 86), გავი (სანსეტი, 26), ფერან ტორესი (იამალი, 65), ნიკო ვილიამსი (რიკელმე 86), მორატა
მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე (მამუჩაშვილი, 90), კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, აზაროვი (გოჩოლეიშვილი, 78), კვეკვესკირი (მექვაბიშვილი, 60), ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (ალთუნაშვილი, 90) კვარაცხელია, მიქაუტაძე (დავითაშვილი, 60).
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 ლე ნორმანი (4), 1:1 კვარაცხელია (10), 2:1 ფერან ტორესი (55), 3:1 ლოჩოშვილი (საკ.კარში).
გაფრთხილება: როდრი (56), კვარაცხელია (75), კაშია (82)
მთავარი მსაჯი: ოვიდიუ ჰაცეგანი (რუმინეთი)
გოჩა კაჭარავა





