სანიოლი: “ვეცდებით საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ვაჩუქოთ”

0
52

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მიაჩნია, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში ფეხბურთელებთან ერთად კარგად იმუშავა. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში სტუმრად ესპანეთთან 1:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: „ვფიქრობ, ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა. თავს კარგად ვიცავდით და შეტევაში თითოეული შესაძლებლობის გამოყენებას ვცდილობდით. მეორე ტაიმში გაგვიჭირდა. გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც კლუბებში 90 წუთს არ თამაშობენ და მათთვის რთულია მაღალი ინტენსივობით თამაში. საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ დღევანდელი თამაშით. ესპანეთსა და საქართველოს ნაკრებებს შორის დიდი სხვაობაა და ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ვფიქრობ, რომ ესპანეთი საფრანგეთთან ერთად საუკეთესო გუნდია ევროპაში და ეს მეტოქის მთავარ მწვრთნელსაც ვუთხარი. წარმატებებს ვუსურვებ ესპანეთს ევროპის ჩემპიონატზე.
ვფიქრობ, ბოლო ორი თვის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ. ესპანეთთან თბილისში წაგებული მატჩის შემდეგ, გუნდის საერთო დონე ამაღლდა. მიუხედავად მარცხისა, დღეს კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ. კარგი თამაში გვქონდა შოტლანდიის ნაკრებთან. ვფიქრობ, თავდაჯერებისთვის ეს მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ საქართველო ვართ, ყოველთვის მეტი გვინდა და ამისთვის ბევრს ვშრომობთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მარტისთვის მზად ვიყოთ და ვეცდებით, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე ვაჩუქოთ”.
ლაშა თაბაგარი