საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, 19 ნოემბერს გამართავს.
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას ვალიადოლის ხოსე სორილიას სტადიონი უმასპინძლებს, სადაც ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცეში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის პრესკონფერენცია გაიმართა. მწვრთნელთან ერთად მედიის კითხვებას ჩვენი გუნდის ფეხბურთელმა, ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხა.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ესპანეთთან თბილისში ჩატარებული მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის. თუმცა, იმ მძიმე მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. დავფიქრდით პრიორიტეტებზე, სათამაშო სტილზე, მიდგომაზე. ფეხბურთელებს არ დავიწყებიათ ის მარცხი, თუმცა აქ რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ. ახლა მარტის პლეი-ოფისთვის ვემზადებით და მოთამაშეებმა მხოლოდ საკუთარ ასპარეზობაზე და გუნდის წარმატებულ თამაშზე უნდა იფიქრონ. შესაძლოა, ესპანეთის დონის ნაკრებთან ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ მაინც დამარცხდე. ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვკონცენტრირდეთ ჩვენი თამაშის ხარისხზე და მარტისთვის მზადებაზე.
შოტლანდიასთან მატჩის 70 წუთი ძალიან კარგი იყო, მეორე გოლი კი, ბევრი მცირე შეცდომის შედეგად გავუშვით. ამის შესახებ ვისაუბრეთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ არასდროს გავიმეოროთ დაშვებული შეცდომა. ვფიქრობ, ახლა გუნდი სწორ გზაზეა. მშვიდად გვჭირდება მუშაობის გაგრძელება და ძალიან მნიშვენლოვანი მარტის მატჩებისთვის მომზადება.
ოთარ კაკაბაძე ყოველთვის ჩვენთან ერთად არის და თამაშობს, როდესაც ტრავმა არ აწუხებს. იშვიათად უშვებს შეცდომებს და როდესაც მარჯვენა ფლაგნზე ასეთი მოთამშე გყავს, თავს მშვიდად გრძნობ. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტრავმა, თუმცა შოტლანდიასთან ძალიან კარგად დაბრუნდა და შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მზად არის მეორე მატჩის ჩასატარებლადაც და ეს მახარებს.
გიორგი ქოჩორაშვილი დიდი ხნის განმავლობაში თამაშობს ესპანეთში და განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. ძალიან მომწონს ეს მოთამაშე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი, მითხრეს, რომ ესპანეთში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში, ლევანტეში, ეს პრობლემა აღარ აქვს. საინტერესო მოთამაშეა, როგორც ბურთით, ისე ბურთის გარეშე თამაშის დროს და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშე გვაკლდა ბოლო პერიოდში ნახევარდაცვაში. ვიმედოვნებ, კლუბშიც გააგრძელებს თამაშს და მარტის მატჩებს ჯანმრთელი და სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში არის ოცნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ფეხბურთელები ბევრს შრომობენ ბოლო სამი წლის განმავლობაში და მათთვის დამსახურებული იქნება ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა საქართველოს ნაკრების ხილვა ასეთი მაღალი დონის ტურნირზე. ეს სჭირდება საქართველოს, რათა მთელმა ევროპამ გაიგოს, რომ ეს კარგი ქვეყანაა, სადაც კარგი ფეხბურთელები თამაშობენ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მოედანზე წყდება. ვიმედოვნებ, ხვალ თავს კარგად წარმოვაჩენთ და კარგ გუნდურ ფეხბურთს ვითამაშებთ, რადგან ეს ბოლო შეხვედრაა მარტის პლეი ოფის წინ.
ხვიჩა ნამდვილად ის ფეხბურთელია, ვისაც მთელ მსოფლიოში იცნობენ, თუმცა ყოველთვის ისე არაა, გუნდის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი კაპიტანი იყოს. კაპიტნობა მხოლოდ სამკლავური არაა”.
ლუკა ლოჩოშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): „ესპანეთთან თბილისში ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი განვიცადეთ. თუმცა, მარცხი ფეხბურთის ნაწილია და ამის გარეშე მოგებას ვერ ისწავლი. ვფიქრობ, გუნდის თითოეულმა წევრმა გაანალიზა ის მატჩი, თავისი პასუხისმგებლობა აიღო და გამოიტანა დასკვნები.
როგორც მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და მოვემზადოთ მარტის თამაშებისთვის. ამის შემდეგ, წარმატებული სერია გვქონდა და აქ იმისთვის ვართ, რომ უკეთ ვითამაშოთ.
შოტლანდიასთან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ. პირველ ტაიში კომპაქტურად ვიცავდით თავს და შეტევაშიც კარგად გადავდიოდით, რაც შედეგზეც აისახა. მეორე ნახევარში, როდესაც დავწინაურდით, ცოტა უკან მოგვიწია დახევა. მეტოქე, რომელიც ძალიან ძლიერი გუნდია და უკვე გასულია ევროპის ჩემპიმონატზე, გააქტიურდა. იყო სირთულეები და ოდნავ იღბალი დაგვაკლდა. საერთო ჯამში, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ”.





