საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გავიდა. შესარჩევი ციკლის პირველ ეტაპზე მე-6 შესარჩევ ჯგუფში ვასილ მაისურაძის გუნდმა პირველ მატჩში კვიპროსთან გამარჯვების მერე, მოლდოვას აჯობა და მომავალ წელს ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.
მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-9 წუთზე გაიხსნა. მე-8 წუთზე საბა სამუშიას ძალიან კარგი პასის შემდეგ, მოლდოველთა მეკარესთან პირისპირ გასული ცოტნე ბერელიძე წინ გამოსულმა ობისკალოვმა წააქცია და მსაჯმა პენალტი დანიშნა. ლუკა შეროზიამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა – 1:0.
35-ე წუთზე ჩვენი გუნდის მცველმა თავის საჯარიმოდან ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც ბოტანმა შეუჩერებლად მოჭრილი დარტყმით კარში გაგზავნა და „ცხრიანში“ ეფექტური გოლი გაიტანა – 1:1.
მე-60 წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ მეტოქის საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად, მაგრამ ცოტა არაზუტად დაარტყა. 66-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევი დროს ლორთქიფანიძემ მოლდოველთა საჯარიმოში შეროზია მოძებნა, რომელმაც ძლიერად ვერ დაარტყა, მაგრამ ობისკალოვის შეცდომის მერე ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:1. 76-ე წუთზე ბოტანმა შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და კურტანიძეს ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ მას თანაგუნდელი დაეხმარა და ხიფათი განმუხტა. 81-ე წუთზე ალეკო ბასილაძე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – მეკარემ ბურთი უკუაგდო. მსაჯის მიერ დამატებულ დროში მოლდოველი მოთამაშე შეტევაში უხეშობისთვის გააძევეს. საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და ქართველი 19-წლამდელები 21 ნოემბერს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.
საქართველო – მოლდოვა 2:1 (1:1)
18 ნოემბერი. თბილისი. „მიხეილ მესხი 2“.
საქართველო: კურტანიძე, სადღობელაშვილი (კ), ნარიმანიძე, გიუნაშვილი, ჩიქოვანი, ცეცხლაძე, ბერელიძე (მაშავა, 78), ფეიქრიშვილი (გეგუჩაძე, 61), ლორთქიფანიძე, სამუშია (ბასილაძე, 75), შეროზია.
მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
მოლდოვა: ობისკალოვი, გრესკლუჩი, დიჯინარი, ვატკო, ანდრეიჩიუ (კ), გერასიმენკოვი, გუსპიტი (ნაზარი, 83), პეტრუტა (სანდეეჩი, 46), პასკალუტა, ბოტანი (ლუპასკუ, 86), პლესკა (ბიტკა, 73).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეი კომენკოვი.
გოლები: 1:0 შეროზია (8, პენ.), 1:1 ბოტანი (35), 2:1 შეროზია (65).
გაფრთხილება: ბერელიძე, (17), სადღობელაშვილი (36), დიჯინარი (45+2), პლესკა (62), ნარიმანიძე (64), გერასიმენკოვი (78), ჩიქოვანი (90+5).
გაძევება: ვატკო (90+5).
მთავარი მსაჯი: ნენად მინაკოვიჩი (სერბეთი)
ლაშა თაბაგარი





