სამმატჩიანი შესვენების შემდეგ სანდრო მამუკელაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მან ბოლო მატჩი ზურგის ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა „საკრამენტიოსთან“ დავინახეთ, რომ ტრავმა სერიოზული არაა, სანდრო კარგ ფორმაშია და „სან ანტონიოსთვის“ სარგებლის მოტანა შეუძლია.
იგი მოედანზე „სან ანტონიო“-„საკრამენტოს“ მატჩის მეორე პერიოდში გამოვიდა. ბურთთან პირველივე შეხებით შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, საბოლოოდ კი 12 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.
მესამე პერიოდის ბოლო წამს მატჩის გამორჩეული მომენტი ვიხილეთ: დრო იწურებოდა, „სან ანტონიოს“ შესატევად 4 წამი ჰქონდა, ტეხასელები უსწრაფესად გადავიდნენ მეტოქის ნახევარზე და სირენასთან ერთად ეფექტური ორქულიანი ჩააგდეს. ეს სანდრო მამუკელაშვილმა გააკეთა.
ამ ტყორცნით „სპურზმა“ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც „საკრამენტოს“ დარჩა – 129:120.
„სან ანტონიომ“ ზედიზედ მეექვსედ წააგო მიმდინარე სეზონში.

თორმეტიდან მეშვიდე მატჩი მოიგო გოგა ბითაძის „ორლანდომ“. ფლორიდელებმა სტუმრად „ჩიკაგოს“ აჯობეს – 103:97.
საქართველოს ნაკრების მეფარეს მწვრთნელმა 21 წუთი მისცა, რა დროშიც მან 2 ქულა, 4 მოხსნა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.



