სვანაძე: “ჩვენი გუნდის მენტალური მხარე ყველაზე კარგად გამოჩნდა”

0
49

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამზ სვანაძე ევრო 2025-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამარჯვების მიუხედავად, საგოლე მომენტების რეალიზებით უკმაყოფილოა.
რამაზ სვანაძე: “უმნიშვნელოვანესი სამი ქულა ავიღეთ. რეალურად, ჩვენთვის ყველაზე მთავარი ის იყო, რომ სამშობლოში 3 ქულით დავბრუნებულიყავით და კარგია, რომ ეს შევძელით. რაც შეეხება თამაშს, უმძიმესი შეხვედრა გამოვიდა, თუ გავითვალისწინებთ, რა გარემოშიც მოგვიხდა გამოსვლა.
გარდა ქულებისა, შეხვედრაში იყო ეპიზოდები, სადაც საკმაოდ მაღალი ხარისხის თამაში ვაჩვენეთ, მაგრამ მომენტების რეალიზება ისევ პრობლემად რჩება. ბიჭებთან მქონდა ამ თემაზე საუბარი. მათ იციან, რომ ამაზე დამატებით ბევრი შრომა მოუწევთ, მომენტების ნახევარი მაინც რომ გამოვიყენოთ.
კარგია ის, რომ გარემოს და თამაშის სიმძიმის გათვალისწინებით, ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩვენი გუნდის მენტალური მხარე ყველაზე კარგად გამოჩნდა. ეს სამი ქულა სამომავლოდ არის მნიშვნელოვანი, რადგან სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, თამაშები უნდა მოვიგოთ და მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლოთ“.
ლაშა თაბაგარი