საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის პირველ ჯგუფურ ეტაპზე ბოლოსწინა ტურის მატჩი კვიპროსში, “კერავნოსის” წინააღმდეგ ჩაატარა და 5 ქულის სხვაობით დამარცხდა – 79:84. შეხსენებისთვის, თბილისში თსუ-მ კუნძულელ მეტოქეს 63:60 სძლია.
კერავნოსელები მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყვნენ, ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა საფინალო სირენამდე ორიოდე წუთით ადრე ანგარიშის გაყაიმება მოახერხა, 74:74, მაგრამ ასპარეზობის დასკვნითი ნაწილი კვიპროსელებმა უკეთ ჩაატარეს და ტურნირში პირველი გამარჯვება იზეიმეს.
ყველაზე შედეგიანი ქართული გუნდის ფორვარდი კახა ჯინჭარაძე იყო, რომელმაც თამაში 28 ქულით დაასრულა. 15 ქულა ჩააგდო თსუ-ს სერბმა ცენტრმა ნიკოლა ვუიოვიჩმა. 13 ქულა, 6 მოხსნა და 8 პასი იყო გიორგი ცინცაძის ანგარიშზე, ხოლო რატი ანდრონიკაშვილმა 8 ქულა, 5 მოხნა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
თსუ მეექვსე შეხვედრას 22 ნოემბერს, თბილისში იტალიის “ვარეზესთან” ჩაატარებს, რომელმაც გერმანიაში “გიოტინგენი” დამატებით დროში დაამარცხა.





