ბათუმის “დინამო” თასის ფინალშია

0
65

ბათუმის “დინამოს” არსებობის ისტორიაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგების შანსი მეორედ აქვს. პირველად ბათუმელებმა ეს 1998 წელს მოახეხეს, როდესაც გადამწყვეტ მატჩში დამატებით დროში დავით ჭიჭვეიშვილის გოლით თბილისის “დინამო” დაამარცხეს.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი გუნდი მიმდინარე გათამაშების 1/2-ფინალში სტუმრად კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მეორე ადგილზე მყოფ ფოთის “კოლხეთს” დაუპირისპირდნენ, რომელსაც დავით კვირკველია ავარჯიშებს და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და ანგარიშის გახსნის ერთადერთი შანსი სტუმართა გარემარბ პაატა ღუდუშაურს ჰქონდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაუტანა. გარდა ამისა, დემჩენკომ იძულებითი შეცვლა განახორციელა, რადგან ვიტიონიო დაშავდა და მის ნაცვლად მოედანზე გიორგი ზარია შევიდა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში ცოტნე ფაცაციამ შეტევა მარჯვენა ფლანგზე დაიწყო და მას მერე რაც ორ მეტოქეს გაცდა პასი იაკობსენს მისცა, რომელმაც ერთ მოძრაობით ფოთელი ფეხბურთელი ჩამოიცილა, რასაც შორეულ კუთხეში ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 0:1.
53-ე წუთზე დათა სიჭინავამ, რომელიც პირველ ტაიმში ბალიჩთან კამათისთვის გააფრთხილეს, ამჯერად უხეშად ითამაშა და მეორე ყვითელი მიიღო, რის გამო, თამაში ნაადრევად დაასრულა.
67-ე წუთზე ბათუმელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ჯიჯავაძე ბაგრატიონმა წააქცია და მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვილმა პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა.
86-ე წუთზე ბათუმელთა კარგი კომბინაციის დროს ფაცაციამ საუცხოო პასი მისცა ფოთელთა საჯარიმოში ბრაზილიელ ფლამარიონს, რომელმაც ნახევრადბრუნში ბურთი მიწაზე დაშუვებლად კარში გადაგზავნა – 1:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პარტნიორმა მოწინააღმდეგის კართან მარტო დატოვა ფლამარიონი, რომელმაც დუბლი მიითვალა. ცოტა ხანში, “კოლხეთმა” გოლი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ამის შემდეგ, ახლო მანძილიდან ზურაბიანის თავური ბათუმელთა მეკარემ გაანეიტრალა. ამას ტრიბუნიდან ფოთელი გულშემატკივრების მხრიდან მოედანზე საგნების სროლა მოჰყვა და თამაში ცოტა ხანი შეწყდა. თუმცა, მალე გაგრძელდა და საბოლოოდ ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა.
ბათუმის “დინამოს” წელს “ოქროს დუბლის” შესრულების შანსი აქვს, რადგან გუნდი ჩემპიონატის ლიდერია და პლუს თასის ფინალშიც გავიდა. თასისთვის გადამწყვეტი შეხვედრა დეკებერში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უცნობია.
ლაშა თაბაგარი