“შავმა ლომმა” ტიტულის დაცვა “იბერიანსთან” გამარჯვებით დაიწყო

0
50

მიუხედავად იმისა, რომ ‘შავი ლომი’ ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა, სათამაშო ინიციატივას თავიდანვე დაეუფლა და ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. მოლიდან ბურთი ხაზზე გავიდა, ლუკა მატკავამ რთულ სიტუაციაში ლუკა ცირეკიძეს ოფლოუდი გაუხერხა, მან თავის მხრივ აკა ტაბუცაძე მოძებნა და მთავარმა მელელოვემ ტურნირზე მე-18 ლელო გაიტანა. ლუკა მატკავამ გარდასახვის შემდეგ ახლოდან ჯარიმაც გაიტანა, 24-ე წუთზე კი მოლი ბექა მამრიკიშვილის სადებიუტო ლელოთი დასრულდა. გარდასახვა ამჯერად არაზუსტი იყო.
ამის შემდეგ ესპანელებმა გარკვეული დროით შეძლეს თამაშის ჩვენ 22-ში გადმოტანა და 32-ე წუთზე გონსალო ვინუესმა ერთი ლელო გაქვითა. ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა შერკინებიდან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ტაბუცაძემ კარის წინ ხაზი გაჭრა და გრძელი გადაცემით ლელო სანდრო თოდუას გაატანინა – 20:5.
მეორე ტაიმი 5 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ესპანელებს რაქიდან ბურთი გამოუვარდათ, სიტუაციაში ყველაზე სწრაფად დავით აბდუშელიშვილი გაერკვა და მისი ლელო მატკავამ გარდასახა.
გუნდებს შეცდომები მოუმრავლდათ და ტემპი დავარდა, თუმცა ეპიზოდებში მასპინძლებს ყველაფერი კარგად გამოუვიდათ და ლამაზი ლელოები გავიდა. 55-ე წუთზე მცველს ერთი-ერთზე ლუკა ცირეკიძემ აჯობა და ‘შავ ლომში’ სადებიუტო შეხვედრა ლელოთი აღნიშნა, 64-ე წუთზე კი მეტოქე ცრუ მოძრაობაზე მატკავამ დაიჭირა და მეექვსე ლელო გაიტანა – 39:5.
ასეთი უპირატესობის ფონზე მატჩის მიწურულს ყურადღება მოვადუნეთ, რასაც ჯერ მერაბ შარიქაძის, მერე კი დემურ ეფრემიძის სინბინი მოყვა და ‘იბერიანსმა’ რიცხობრივი უპირატესობით ორჯერ ისარგებლა. ძალისმიერი ლელო ჯერ ალეხანდრო პერესმა, მერე ბუან სანჩესმა გაიტანეს. ინიაკი მატეუმ ორივე გარდასახა, თუმცა ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა, სატურნირო კუთხით კი არაფერი შეცვლილა – 39:19.