გერმანიის მეორე ბუნდსლიგის მე-10 ტურში „კარლსრუემ“ სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში უშუალო კონკურენტ „შალკეს“ უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ისევ არ იყო და თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა.
შეხვედრის 22-ე წუთზე ანგარიში შტინდლმა გახსნა, ხოლო 37-ე წუთზე მატანოვიჩმა „კარლსრუე“ კიდევ უფრო დააწინაურა. 74-ე წუთზე „შალკეს“ ფეხბურთელმა მატრიციანიმ ავტოგოლი მიითვალა.
„კარლსრუე“ 9 ქულით 18-გუნდიან მეორე ბუნდესლიგაში მე-15 პოზიციაზეა.
„ბაზელმა“, რომელშიც გაბრიელ სიგუა გამოდის შვეიცარიის სუპერლიგაში ზედიზედ მესამე თამაში წააგო. მე-11 ტურში ბაზელელებმა „სერვეტი“ მიიღეს მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცელი სიგუა მასპინძლების სასტარტოში იყო და 53-ე წუთზე შეცვალეს. „ბაზელი“ 5 ქულით მე-12 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





