სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თსუ-მა, რომელმაც 3 დღის წინ გერმანიაში, ფიბა ევროპის თასზე ითამაშა, საქართველოს ჩემპიონატში პირველი მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში კავკასიას სძლია – 89:85. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა თსუ-მ დიდი ბრძოლა გადაიტანა გერმანიაში, სადაც ბუნდესლიგის წარმომადგენელს ბოლო წამებამდე ებრძოლა და საბოლოოდ დამარცხდა.უნივერსიტეტელები თბილისში გუშინ, გამთენიისას დაბრუნდნენ და კავკასიასთან მატჩამდე სრულფასოვანი ვარჯიში ვერ ჩაატარეს.
ედეგად, ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა კავკასიელებმა თსუ-ს გვარიანი ბრძოლა გამოურთეს. ის კი არა, უმეტესწილად, იგებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე, როცა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა, გამოცდილებამ თავისი გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე კავკასია 75:68 იგებდა და წარმატებამდე სულ მცირედი აკლდა. თსუ-ს მოთამაშეებმა ეს ჩამორჩენა მალევე შეამცირეს, რაც მათი გუნდის გამოცდილი წევრების – გიორგი ცინცაძის, კახა ჯინჭარაძის, გიორგი ტურძილაძის და ალექსანდრე ფევაძის დამსახურება იყო.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ფევაძე, რომელიც ამ შეხვედრაში შეუჩერებელი იყო. საბოლოოდ მის ანგარიშზე 31 ქულა, 14 მოხსნა და 3 პასი დაგროვდა. კავკასიელებსაც ჰყავდათ თავიანთი ლიდერი – ამერიკელი გრეგ ფარჰემი, რომელმაც 32 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, თუმცა გუნდურ თამაშში საბოლოოდ თსუ-მ იმარჯვა და სუპერლიგა გამარჯვებით დაიწყო.
თსუ-ს პირველი ტურის მატჩი ევროტურნირის გერმანიაში ჩასატარებელი მატჩის გამო გადაედო და ეს შეხვედრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერს გაიმართება.
სუპერლიგის მე-2 ტურის რიგით მე-3 შეხვედრა გორში გაიმართა. სუპერლიგაში დებიუტი ჰქონდა “ივერიონს”, რომელიც წინა სეზონში “ა” ლიგიდან ტყიბულის “ორბთან” ერთად უმაღლესში აღზევდა. გორს გურჯაანის “დელტა” ესტუმრა და პირველი პერიოდი 14:18 დათმო. გორელები მეორე პერიოდის დასაწყისში 10 ქულით – 27:17 დაწინაურდნენ, მაგრამ გურჯაანელებმა თამაში გამოასწორეს და სწორად შერჩეული ტაქტიკითა და სათამაშო დისციპლინით ეს ჩამორჩენა მალევე გააბათილეს.
მეორე პერიოდის შუაწელში ანგარიში გათანაბრდა, ხოლო დიდ შესვენებამდე 4 წუთით ადრე გურჯაანელები პირველად და საბოლოოდ დაწინაურდნენ. მეორე პერიოდი დელტამ 25:15 მოიგო, შესვენებისთვის 39:33 დაწინაურდა და ამის შემდეგ მეტოქე ახლოს აღარ მიკარა. მესამე პერიოდში გურჯაანელთა უპირატესობამ 10 ქულას გადააჭარბა და აღნიშნულ ზღვარს მასპინძლები თამაშის ბოლოსთვის, ისიც ერთი ქულით ჩამოსცდნენ – 61:70.
გამარჯვებულებს 20 ქულით, 7 პასით და 4 მოხსნით ოთარ ფხაკაძემ ულიდერა. 14 ქულა, 17 მოხსნა და 3-3 ჩაჭრა-დაფარება მიითვალა ბექა ბექაურმა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა. გორელთაგან 14 ქულითა და 8 პასით საუკეთესო იყო გივი ბაქრაძე, კევინ ჰარდრიქტმა 15 ქულა დააგროვა, ხოლო რიკარდო ლინჩმა ივერიონს 12 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.
გურჯაანელებს მე-2 ტურის შემდეგ თითო მოგება-წაგება აქვთ, გორელებს კი 1 მარცხი.






