სენსაცია „დინამო არენაზე“ – „გაგრამ“ „დინამო“ დაამარცხა

0
21

თბილისის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. აღსანიშნავია, რომ ესპანელი ანდრეს კარასკოს გაწვრთნილები ორივეჯერ აუტსაიდერებთან დამარცხდნენ.
თუ თბილისელები 29-ე ტურში სტუმრად „სამტრედიასთან“ დარჩნენ უქულოდ, ამჯერად, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ წარუმატებლად „გაგრასთან“ ითამაშეს.
გიორგი ონიანის შეგირდებმა წარმატებას საბა მამაცაშვილის ერთადერთი გოლით მიაღწიეს. 32-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილი თავის ნახევარზე პასს პარტნიორს აძლევდა, მაგრამ  ბურთი საბა მამაცაშვილს ჩააბარა, რომელმაც საჯარიმოს გარედან ზუსტად დაარტყა.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და იმის ნაცვლად, რომ თბილისელები ბათუმის „დინამოს“ მიახლოვებოდნენ, რომელმაც გუშინ შინ „დილასთან“ 1:1 ითამაშა, პირიქით უშულო კონკურენტს უკვე 9 ქულით დაშორდნენ და 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე არიან.
„გაგრამ“ წაუგებელი მატჩების სერია ოთხამდე (3 გამარჯვება და 1 ფრე) გაზარდა და 29 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
დინამო თბ 0:1 გაგრა
ლაშა თაბაგარი