საქართველოს ჩემპიონმა თსუ-მ ფიბა ევროპის თასის პირველი ჯგუფური ეტაპის სასტარტო მატჩი ჩაატარა და სტუმრად ბუნდესლიგურ „გიოტინგენთან“ დრამატულ ბრძოლაში, 81:86 დამარცხდა. სათქმელია ისიც, რომ გუნდს ტრავმირებული გიორგი ცინცაძე და ახალწვეული რატი ანდრონიკაშვილი აკლდა.
ლექსო ლაფანაშვილის გუნდმა გერმანიაში კარგად ითამაშა, მეტოქეს ტოლი არაფერში დაუდო და ბოლო წამამდე ინარჩუნებდა გამარჯვების შანსს, მაგრამ საბოლოოდ მარცხი განიცადა. ეს გახლდათ მატჩი, რომელშიც თსუ-მ თითქმის ყველა ძირითად კომპონენტში აჯობა და დამარცხდა. თბილისურმა გუნდმა მეტოქეზე უკეთესი პროცენტულობით ესროლა როგორც სამქულიანები, ისე მთლიანად თამაშიდან სროლები, თსუ-მ “გიოტინგენზე” მეტი ბურთი მოხსნა, ხოლო პასებში თანაბრობა იყო. მასპინძლებმა იმარჯვეს იმით, რომ თსუ-ზე 3-ით მეტი საჯარიმო და 4-ით მეტი ორქულიანი ჩააგდეს
არადა, თსუ-მ მართლაც შესანიშნავად ითამაშა, პირველი პერიოდი 20:12 მოიგო და წინ გაიჭრა. თუმცა, მეორე პერიოდი გამოდგა ცუდი, რომელიც გერმანელებმა 15 ქულით მოიგეს და საბოლოოდ, როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო გარდამტეხი.
მესამე მეოთხედში თბილისელებმა ჩამორჩენა შეამცირეს და ბოლო პერიოდის წინ 3 ქულას აგებდნენ. თსუ-მ მატჩის მიწურულს ანგარიშიც გაათანაბრა და წინ გასვლა შეეძლო, მაგრამ კახა ჯინჭარაძემ ორი ჯარიმა ააცილა. ანგარიში მერეც ქულა-ქულაში იყო, თუმცა, ბოლო წამებზე გერმანელებმა 5-ქულიან უპირატესობას მაინც მიაღწიეს. 78:82-ზე ტრი ბოიკინმა ურთულესი 3-ქულიანი ჩააგო, თან მასზე სროლის მომენტში დაჯარიმდნენ და 81:82-ზე ჯარიმა ისროლა, ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, ეს ყველაფერი მატჩის დასრულებამდე 11 წამიღა რჩებოდა. თუმცა, ჯარიმა ააცილა. მდევრის როლში დარჩენილ თსუ-ს ტაქტიკური ფოლის აღება მოუწია და საბოლოოდ 81:86 წააგო.
ქართულ გუნდს 19 ქულით, 6 მოხსნით და 8 პასით ბოიკინმა ულიდერა, მარგი ქმედების კოეფიციენტიც ყველაზე მაღალი ჰქონდა – 24. ორმაგი დუბლი მიითვალა კახა ჯინჭარაძემ – 14 ქულა, 11 მოხსნა და 6 პასი. ალექსანდრე ფევაძემ 18 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, ნიკოლა ვუიოვიჩმა 9 ქულა, გიორგი ტურძილაძემ 8.
თსუ მეორე ტურში 25 ოქტომბერს კვიპროსის „კერავნოსს“ უმასპინძლებს, რომელიც იტალიურ „ვარესესთან“ საკუთარ მოედანზე 80:95 დამარცხდა. 21 ოქტომბერს კი თსუ საქართველოს სუპერლიგის მატჩში “კავკასიას” დაუპირისპირდება
გიოტინგენი – თსუ 86:81 (12:20, 28:13, 21:25, 25:23)





