საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი გახარებულია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე კარგ სათამაშო ფორმაში შედის. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვიპროსთან 4:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
ვილი სანიოლი: “პირველ ტაიმში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი იყო, ვინც აქტიურობდა და ერთ-ერთი ჩაკვეტაძე იყო, მაგრამ მეტოქის კომპაქტურ დაცვასთან მას და კვარაცხელიას შედარებით გაუჭირდათ. გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. მეორე ტაიმში ის და ხვიჩა გაცილებით სწორად მოქმედებდნენ და ამან შედეგი გამოიღო.
ჩაკვეტაძე იდეალურია, როდესაც შეტევის კონსტრუქციაა საჭირო. მას ნაკრებში მაშინაც ვიძახებდი, როცა საკლუბო დონეზე პრობლემები ჰქონდა, რადგან ეს მორალურად სჭირდებოდა. ახლა ბოლო რამდენიმე თვეა სხვანაირ ფეხბურთელს ვხედავთ, ინგლისში თამაშობს, რაც წაადგა და შედეგსაც ვხედავთ. მიხარია, რომ კარგ ფორმაში შედის, რადგან ამას იმსახურებს.
იმ სისტემაში, რომლითაც ვთამაშობთ, არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინ რომელ ფლანგზე იქნება. მთავარია ინტენსივობა. პირველ ტაიმში ხშირად არ გამოგვდიოდა ჩვენი ჩანაფიქრი, მეორე ტაიმში ეს შეიცვალა. შევამჩნიეთ, რომ კვიპროსი უფრო სუსტი იყო მარჯვენა ფლანგზე და სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე გადაიწია. მთავარია, კომპაქტურობა და ინტენსივობა, შემდეგ ფეხბურთელებს მოედანზე თავისუფლება გააჩნიათ და მეტოქის სისუსტეებიდან გამომდინარე შეუძლიათ მინდორზე გადაწყვეტილების მიღება, ამაში ისინი თავისუფლები არიან.
დავითაშვილმა ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც დავავალე. ადვილი არ არის ასეთი დონის მოთამაშისთვის, რომ სათადარიგო სკამიდან დაიწყოს თამაში, რადგან ამაყი ადამიანია, მაგრამ პროფესიონალია და მან ნამდვილად მოახერხა ჩემი დავალებების შესრულება.
შენგელია უფრო შემტევი ფეხბურთელია, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მაგრამ ჩვენს ტაქტიკაში არ უწევს თავის ბუნებრივ პოზიციაზე თამაში. შარშან ის ბელგიაში თამაშობდა იმ პოზიციაზე, რომელზეც მე ვათამაშებ. ამ ახალ დავალებაში, რომელსაც ფიზიკური მომზადება სჭირდება, ვფიქრობ, ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი. კარგია, რაც უფრო მეტი არჩევანი გვექნება თითოეულ პოზიციაზე და მეტი კონკურენცია იქნება გუნდში.
ზურიკოს „ბორდოში“ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ფიზიკურ მომზადებაზე პრობლემა არ აქვს, მაგრამ როდესაც ჩაკვეტაძე მოედანზეა, არ შემიძლია მოედანზე ყველა შემტევი ნახევარმცველი დავაყენო. რაც შეეხება ფორვარდის პოზიციას, ზივზივაძეს და მიქაუტაძეს არ აქვთ ბევრი სათამაშო დრო გუნდებში, ამიტომ მათი ენერგია სწორად უნდა გამომეყენებინა. კვიპროსის ნაკრებს შევამჩნიე, რომ მეორე ტაიმში უფრო იღლებიან და სწორედ ამიტომ, ვფიქრობდი, რომ ბუდუ პირველ ტაიმში დაღლიდა მეტოქეს დაცვაში და მეორე ნახევარში დასვენებული მიქაუტაძე სივრცეებს უკეთ გამოიყენებდა“.
ლაშა თაბაგარი





