ვილი სანიოლი: “იოლი თამაში არ იქნება, რადგან მეტოქის ქულები ძალიან სჭირდება”

0
42

საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვალ კვიპროსის ნაკრებთან, რომელსაც ჯერ ქულა არ აუღია, იოლ მატჩს არ ელოდება. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დაესწრო.
ვილი სანიოლი: “ფეხბურთელები კმაყოფილები იყვნენ თავისი თამაშით. სექტემბერში ძალიან რთული თვე გვქონდა, შესაბამისად, ის თავდაჯერება, რომელიც შევიძინეთ, ძალიან წაგვადგება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტად თავდაჯერებულიც არ ვიყოთ და იგივე შემართებით მივუდგეთ ხვალინდელ შეხვედრას. არაფერი შეცვლილა – კაშია კაპიტანია, ნიკა კვეკვესკირი კი ვიცე-კაპიტანი. რაც შეეხება ლორიას, ცოტა სხვანაირად ვუყურებ ამ საკითხს, ის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოცდილი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ მე არ მიყვარს მეკარის კაპიტნად დანიშვნა პოზიციიდან გამომდინარე. მოედანზე ხშირად არის საუბარი მსაჯთან საჭირო, რაც მეკარისთვის უფრო რთულია. კვირკველია ჩვენს ნაკრებში ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელია და ამიტომაც იყო კაპიტანი ტაილანდთან.
ლევან შენგელია შემტევი მოთამაშეა, მაგრამ ჩვენი სისტემიდან გამომდინარე მოუწია მარცხენა ფლანგზე თამაში, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა და ვფიქრობ, აზაროვს კონკურენციასაც გაუწევს. ვესაუბრე მას თავის მომზადებასთან დაკავშირებით და საკმაოდ დიდი წინსვლა შევამჩნიე. ამიტომაც გამოვიძახე, კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და ვფიქრობ, ჩვენს ნაკრებს ნამდვილად დაეხმარება.მიუხედავად იმისა, რომ კვიპროსთან სტუმარ მოგება გაგვიჭირდა, მიზანს მივაღწიეთ და ეს მთავარი იყო. ვფიქრობ, რომ მაშინ საკმაოდ კარგად დავიწყეთ თამაში, 25-30 წუთი კარგად ვმოქმედებდით და იმედი მაქვს, რომ ხვალაც კარგად დავიწყებთ თამაშს და ვეცდებით, ნაკლები შეცდომა დავუშვათ. არ იქნება ადვილი თამაში, რადგან მეტოქეს ძალიან სჭირდება ქულების მოპოვება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.
ჩვენ ყოველთვის საკუთარ თავზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მესმის, რომ არ ვართ ელიტის დონის გუნდი, მაგრამ არც ცუდი გუნდი ვართ. გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებსაც სურთ თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა და ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.
ფეხბურთელების არყოფნაზე ხშირად მეკითხებით: უფრო საინტერესო იქნებოდა გეკითხათ, ვინ უნდა ამოვაგდო შემადგენლობიდან, რადგან იმისთვის, რომ ვიღაც გამოვიძახო, ვიღაც არ უნდა გამოვიძახო, რადგან არ მაქვს საშუალება ნაკრებში 40 ფეხბურთელი ერთად გამოვიძახო. ვაკვირდები კუტალიას თამაშს, სასიამოვნოა, რომ სომხეთში ბევრი გოლი გააქვს. ის, რომ ახლა არ არის გამოძახებული, იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სხვები უკეთ თამაშობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაკრების კარი ვინმესთვის დახურულია. როგორც ადრე ვოლკოვს მივეცით შანსი, ასევე მიეცემა ნებისმიერ ფეხბურთელს, ვინც თავს გამოიჩენს.
ტაილანდთან შეცდომები? ვესაუბრე ამაზე ფეხბურთელებს. ალბათ, მოდუნების ფაქტორიც იყო, იქიდან გამომდინარე, რომ პირველ ტაიმში ბევრი გოლი გავიტანეთ და იფიქრეს, რომ ყველაფერი ადვილად მიდიოდა. მესმის, რომ უკეთესი გუნდები ასეთ შეცდომებს გამოიყენებენ, მაგრამ ეს ფეხბურთელებსაც ესმით და მაქსიმალურად ეცდებიან, რომ მსგავსი შეცდომები თავიდან აიცილონ. კვიპროსი სტილით სხვანაირი გუნდია, უფრო ტექნიკურია და იმედია ხვალაც მოედანზე კარგ მიდგომას ვიხილავთ”.
გიორგი ქოჩორაშვილი: “რთული გზა გავიარე, მაგრამ ეს გზა დამეხმარა იმ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოვყალიბებულიყავი, როგორიც ახლა ვარ. წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჩემთვის დიდი მუხტია საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში და უფრო მეტი მოტივაცია, რომ ჩემი შრომა გავაგრძელო და უფრო მაღალ დონეზე ავიდე. ეს არის პასუხისმგებლობა, მაგრამ ყველა მეხმარება, რომ ეს გზა ადვილად გავიარო.
ჩემი გუნდელები გაკვირვებულები დარჩნენ ესპანეთთან თამაშის მერე, მითხრეს, რომ ძალიან მაგარი სტადიონი გვაქვს და გულშემატკივრები გვყავს, ყველას ოცნებაა, რომ ჩამოვიდნენ და ამ ატმოსფეროში ითამაშონ. უნდა დავივიწყოთ წარსული მატჩები, მაგრამ უნდა ვისწავლოთ და კონცენტრაცია ხვალინდელ თამაშზე მოვახდინოთ.
როდესაც საქართველოს ნაკრების მაისური გაცვია, შეიძლება ცოტა ნერვიულობდე, რადგან მთელი ქვეყანა გიყურებს და გინდა, რომ საუკეთესოდ ითამაშო. ვფიქრობ, რომ ყველას გვაქვს ნერვიულობის მომენტი, მაგრამ შეგვიძლია ამას გავუმკლავდეთ და მაქსიმუმი ვაჩვენოთ ყველა თამაშში”.
საქართველო-კვიპროსის დაპირისპირება 17:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი