ძმები მამაგეიშვილები: “მიზანი ევროპის ჩემპიონატზე თამაშია”

0
70

“საბურთალოს” 2 ფეხბურთელი – ოთო და გიზი მამაგეიშვილები საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში არიან გამოძახებულნი. ახალგაზრდული ნაკრები, 12 და 17 ოქტომბერს, ბათუმის აჭარაბეთ არენაზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპის მატჩებს ნიდერლანდების და შვედეთის 21-წლამდე გუნდების წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრების ანგარიშზე ჯგუფში 2-დან 2 გამაარჯვებაა – ოთო მამაგეიშვილისა და ვასილიოს გორდეზიანის გოლებით ჯერ გიბრალტარის ნაკრები დავამარცხეთ ანგარიშით 2:0, ხოლო კიშინიოვში მოლდოველებს ჯადული იობაშვილის ერთადერთი გატანილი გოლით ვაჯობეთ.
ახალგაზრდულ ნაკრებსა და “საბურთალოში” არსებულ ვითარებაზე ოთო და გიზი მამაგეიშვილები თავისი კლუბის ვებგვერდს ესაუბრნენ.
– როგორ დაიწყო თქვენი საფეხბურთო კარიერა?
ოთო: ფეხბურთის თამაში დავიწყეთ ეზოში, ბავშვობიდან გვიყვარდა ბურთთან კონტაქტი. პირველი გუნდი “საბურთალო” იყო ჩვენთვის და დღესაც ამ გუნდის ღირსებას ვიცავთ.
– რა გავლენა მოახდინა “საბურთალოს” აკადემიამ თქვენს კარიერაზე?
ოთო:“საბურთალოში” გავიზარდეთ, ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს კლუბთან. ასევე იმ ადამიანებთან, ვინც მოღვაწეობდნენ და დღესაც აგრძელებ მოღვაწეობას. მადლობას ვუხდით თითოეული წამისთვის მათ, რადგან დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს განვითარება-ჩამოყალიბებაში.
გიზი:საბურთალო იყო ჩვენთვის პირველი კლუბი. ანბანის სწავლის და ფეხბურთში სიარულის დაწყების ეტაპი “საბურთალოს” აკადემიას უკავშირდება. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რასაც ფუნდამენტს ვეძახით და ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში მიყვება, ზუსტად ამ კლუბში ჩაიყარა. გარემო, სადაც ყოველთვის მიხაროდა და მიხარია მისვლა.
– “საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, რომ გვითხრათ, როგორ მიდის ახალ მწვრთნელთან შეგუების პროცესი?
ოთო:ბატონ ომართან ერთად კარგი თამაშები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მან ეს ყველაფერი საქმით დაამტკიცა.
გიორგი მიქაძე ჩვენი გუნდისთვის ახალი სახე ნამდვილად არ არის, ამიტომ არ გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეხვედრა და მუშაობა, დავისახეთ მიზანი, რომელსაც მჯერა, რომ ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ.
გიზი:გიორგი მიქაძესთან აქამდე შეხება არ გვქონია. ვფიქრობ კარგი მწვრთნელია და ყოველთვის საკუთარი თავის შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, ეს წინა სეზონში მყოფ “სამგურალსაც” ეტყობოდა და წლევანდელ “თელავსაც”. ვფიქრობთ გაერთიანება და საერთო მიზნის პოვნა არ გაგვიჭირდება, რასაც უკვე დრო გვანახებს. ბატონმა ომარმა ძალიან შრომატევადი სამუშაო გაწია ამ კლუბისთვის, ჩვენი ადგილი სეზონის განმავლობაში ცხრილის მოწინავეთა რიგებში იყო და წასვლამდეც შენარჩუნებული ჰქონდა სამეულში ადგილი.
– არც ისე წარმატებული რამდენიმე თამაშის შემდეგ “საბურთალო” ეროვნული ლიგის ცხრილში ისევ მესამე ადგილს იკავებს, რა განწყობაა გუნდში, რა მოლოდინები გაქვთ?
ოთო: მესამე წრე ნამდვილად არ ყოფილა ჩვენთვის წარმატებული, თუმცა ყველაფერი წინ არის და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის დასასრულს ჩვენ ვიტყვით ჩვენს სათქმელს.
გიზი:განწყობა და რწმენა ამ გუნდს არასდროს დაუკარგავს. ვფიქრობ, სანაკრებო პაუზას დადებითად გამოვიყენებთ და ახალ მწვრთნელთან ერთად გავივლით იმ დეტალებს, რაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ჩემი აზრით, კარგ სიტუაციაში ვართ. მინიმუმი ადგილის შენარჩუნებაა, მიზანი კი – მთავარი ტიტულის მოპოვება.
– რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში ?
ოთო:ძალიან სასიხარულოა საქართველოს ნაკრებში ყოველი გატარებული წამი, ორი ძალიან რთული და საინტერესო თამაში გვაქვს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და სიამოვნება მივანიჭოთ მათ.
გიზი:ყოველთვის საამაყოა და ამავდროულად სასიამოვნო, როდესაც შენი ქვეყნისთვის ბედნიერების და სიხარულის მინიჭების შანსი გაქვს. ალბათ არარსებობს ფეხბურთელისთვის იმაზე მაგარი შეგრძნება, რასაც მოედანზე საკუთარი ნაკრების მაისურით თამაშის დროს განიცდი.
– მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის პირველი ორი მატჩი გამარჯვებით დაასრულეთ, რა მოლოდინები გაქვთ ნიდერლანდების და შვედეთის წინაააღმდეგ ბრძოლაში?
ოთო:რთული თამაშები იქნება, ორი ძლიერი ნაკრები ჩამოდის, თუმცა მასპინძლები ჩვენ ვართ და საკუთარ კედლებში თამაში ძალიან დიდ მუხტს გვაძლევს. ჩვენი მიზანი აუცილებლად ევროპის ჩემპიონატზე თამაში არის.
გიზი:მაქსიმალური ქულათა რაოდენობის იმედი გვაქვს. ვფიქრობთ რომ რთული იქნება, თუმცა შეუძლებელი არაფერი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ თუ მითითებებს ზედმიწევნით შევასრულებთ, იმას მივიღებთ, რაც გვსურს. მჯერა საკუთარ კედლებში თამაში ამ ყველაფერს უფრო გაამარტივებს.
– სამომავლოდ რომ გვითხრათ რომელ კლუბში თამაშზე ოცნებობთ?
ოთო: კონკრეტულად ოცნება არ მაქვს, უფრო მიზანს დავარქმევ, ტოპ ჩემპიონატში ვითამაშებდი სიამოვნებით.
გიზი:დღევანდელ სურვილს, ალბათ, სიტის დავუკავშირებ, რომელმაც სამი ტიტული მოიპოვა ერთ კალენდრულ წელიწადში