„ნაპოლიმ“, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
C ჯგუფის პირველ ტურში ნეაპოლელები პორტუგალიაში „ბრაგას“ ესტუმრნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს, რაც ცხადია მას ისევ არ ესიამოვნა. იმ მომენტისთვის იტალიელები 1:0 იგებდნენ.
„ნაპოლიმ“ შესვენებამდე მასპინძლებ აშკარად აჯობა და სტუმართა რიგებში ერთ-ერთ აქტიური კვარაცხელია იყო, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სწორედ კვარაცხელია საჯარიმო დარტყმის შესრულების მერე ზუსტი პასი გაუკეთა ვიქტორ ოსიმენს, რომლის დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, ხოლო შემდეგ მეკარემ მოიგერია, თუმცა შეტევა გაგრძელდა და კვარაცხელიამ პასი პოლიტანოს მისცა, რომლის თავურის მერე „ბრაგა“ გოლის გაშვებისგან ძელმა „გადაარჩინა“. აქვე გეტყვით, რომ პირველ ტაიმში „ნაპოლის“ მცველი რაჰმანი დაშავდა და მის მაგივრად თამაშში ნორვეგიელი ოსტეგორი ჩაერთო.
ტაიმის შუაწელში ოსიმენმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე „ნაპოლის“ შეტევის დროს კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ზუსტი პასი პორტუგალიელთა საჯარიმოში ოსიმენს გაუკეთა, რომელმაც თავით ბურთი დი ლორენცოს დაუგდო, ხოლო „ნაპოლის“ კაპიტანმა ერთი შეხებით ეფექტური ბურთი გაიტანა – 0:1.
მეორე ტაიმის შუაწელიდან „ნაპოლის“ ფრანგმა თავკაცმა რუდი გარსიამ აქცენტი ანგარიშის შენარჩუნებაზე გააკეთა და ეს კინაღამ ძვირად დაუჯდა – 84-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბრუმას პასის მერე სალასარმა თავით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 88-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესულმა ზელინსკიმ პასი გააკეთა და ნიაკატემ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:2.
„ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაშში 3 ოქტომბერს სახლში მადრიდის „რეალთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





