ვილი სანიოლი: “მსაჯი ისე მელაპარაკა თითქოს, „ჩვარი“ ვიყო”

0
45

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ევრო 2024-ის შესარჩევჩი ოსლოში ნორვეგიასთან 1:2 წაგებულ მატჩის შემდეგ, უკმაყოფილო დარჩა, რომ ჩერნოგორიელმა მსაჯმა ძირითად დროს მხოლოდ 3 წუთი დაამატა.
ვილი სანიოლი: “ფეხბურთელები დღეს ფოკუსირებულები იყვნენ და პატივს სცემდნენ სათამაშო გეგმას პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, კარგი თამაში იყო. გვქონდა გოლების გატანის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ დაცვიდან ვთამაშობდით. პირველ ტაიმში დაცვის მარჯვენა ფლანგზე გვქონდა პრობლემები, თუმცა ცვლილების შედეგად მეორე ნახევარი უკეთესი იყო.
მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთთან მატჩის შემდეგ განსხვავებული ფეხბურთი ვითამაშეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს თამაში სამომავლოდ დაგვეხმარება. არა მხოლოდ უახლოეს თამაშებში, არამედ ჩვენი დიდი მიზნის მისაღწევად მარტში გასამართ პლეი-ოფში. ასეთ თამაშებში ვსწავლობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრად უფრო ძლიერები ვიქნებით
ნორვეგიას ბურთი ჩვენზე მეტად ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, როდესაც მარჯვენა ფლანგზე პრობლები შეგვიქმნეს. თუმცა, მეტი შანსი გვქონდა, ვიდრე ნორვეგიას, ამიტომ იმედგაცრუებულები ვართ. ესპანეთთან საშინელი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გვქონდა გამოსასწორებელი და ის, რაც დღეს ვნახეთ, იმასთან შედარებით დადებითია, თუნდაც მომავალთან დაკავშირებით.
უსინათლოც დაინახავს, რომ ნუსას პოტენციალი აქვს. ჩვენი მარჯვენა ფლანგი პირველ ტაიმში საერთაშორისო დონეს ვერ აკმაყოფილებდა, მაგრამ უკეთესი იყო, როდესაც ცვლილება გავაკეთე. ნორვეგიას კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მათ შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, კაპიტანიც შესანიშნავია. დღეს ჰოლანდი ბურთს 10-ჯერ შეეხო, მაგრამ გაიტანა, ეს მიანიშნებს მის კლასსა და ეფექტურობაზე.
მსაჯს ვუთხარი, რომ სამი წუთი არ იყო მისაღები და სამართლიანი. არავინ იცის, მოვახერხებდით თუ არა გათანაბრებას, მეტი რომ დაემატებინა, შესაძლოა, ნორვეგიას ანგარიში 3:1 გაეხადა, მაგრამ ვფიქრობ, პატივისცემას ვიმსახურებთ! მსაჯი ისე მელაპარაკა, თითქოს, „ჩვარი“ ვიყო. ისინი სინდისთან სუფთა უნდა იყვნენ.
მოედანზე გულშემატკივრები შემოიჭრნენ და რამდენიმე წუთი მათ გაყვანას დასჭირდა, მატჩი შეწყდა, რადგან დაცვა მათ გაყვანას ცდილობდა. კიდევ რამდენიმე შეჩერება იყო და ორივე გუნდმა რამდენიმე შეცვლა გააკეთა. არ ვამბობ, რომ 8 ან 10 წუთი უნდა დაემატებინათ, მაგრამ 3 ძალიან ცოტა იყო”.
.