საქართველოს ნაკრების მიჯრით მესამე მარცხი

0
11

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის A ჯგუფში ზედიზედ მესამე მატჩი წააგო. ამჯერად, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ნორვეგიასთან დარჩა უქულოდ და რაც მთავარია თამაშის ხარისხი ისევ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. ამას თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ კარის ჩარჩოში ბურთი არ მოგვიხვედრებია. თავის მხრივ არც კვარაცხელიაა საუკეთესო სათამაშო ფორმაში და გუნდს ძველებურად ვერ ლიდერობს.
თბილისში ესპანეთთან 1:7 განადგურების შემდეგ, ფრანგმა სპეციალისტმა სასტარტო შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი შეცვალა. გიორგი აბურჯანიას და ლუკა გაგნიძის ნაცვლად, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი კალანდაძემ ითამაშეს, რომელთაც ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდათ. გარდა ამისა, სასტარტოში ზურიკო დავითაშვილი დაბრუნდა, რომელმაც საბა ლობჟანიძე შეცვალა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან გოჩოლეიშვილის ჩაწოდებული ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და ჯერ აიერს გაცდა, ხოლო მისი დარტყმის მერე ტყავის სფერო ხელსი სტანდბერგს მოხვდა,რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია.
მასპინძლების პირველი გააზრებული შეტევა ბერგის დარტყმით დასრულდა, მაგრამ მამარდაშვილს ბურთის ხელებში დაფიქსირება არ გაჭირვებია. 25-ე წუთზე ნორვეგიელებში ყველაზე აქტიური ნუსა მარცხენა ფლანგზე გოჩოლეიშვილს გაცდა, რის შემდეგ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც კაშიასა და კლანდაძეს შორის მოქცეული ჰოლანდი ძალიან მაღლა ახტა, რასაც თავით ზუსტი დარტყმა მიაყოლა – 1:0.
ანგარიშის გახსნიდან ცოტა ხანში საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს კვარაცხელია სკანდიენავიელების საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა, ხოლო მისი დარტყმა მეორე ნორვეგიელმა დაბლოკა.
33-ე წუთზე ნუსა მოწინააღმდეგის ნახევარზე მარცხენა ფლანგზე გოჩოლეიშვილს და დავითაშვილს გაექცა, საჯარიმოში შესულმა კი პასი ოდეგორს მისცა, რომელმაც ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 2:0.
ტაიმის მიწურულს მამარდაშვილის კარს ორჯერ სახიფათოდ ოდეგორი დაემუქრა – ჯერ საჯარიმოს გარედან კარს მცირე მანძილით ააცილა, ხოლო შემდეგ ჩვენს საჯარიმოში სამ მცველს შორის მოქცეულმა მახვილი კუთხიდან დუბლი ვერ მიითვალა.
76-ე წუთზე, ჩაკვეტაძემ წამოიწყო შეტევა და მარცხენა ფლანგზე აზაროვი მოძებნა, რომლის პასის მერე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა კვარაცხელიამ ერთი შეხებით დაარტყა, თუმცა ბურთი კარს დიდი მანძილით გადაცდა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე ჩაკვეტაძემ მარცხენა ფლანგზე გადაუტანა ბურთი აზაროვს, რომლის ჩაწოდების მერე ზივზივაძემ ნორვეგიელთა საჯარიმოში მცველს დაასწრო და ერთი შეხებით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.
მატჩის ბოლო წამებზე ჩვენი გუნდის კონტრშეტევის დროს კავარცხელიამ ჩაკვეტაძესთან გაითამაშა ბურთი და ნორვეგიელთა საჯარიმოში შესულმა დაარტყა – მეკარემ ბურთი მოიგერია.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში ესპანეთმა თავის მოედანზე თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი კვიპროსი 6:0 გაანადგურა. საქართველოს ნაკრები 4 ქულით 5-გუნდიან ჯგუფშის ბოლოსწინაა და მხოლოდ უქულო კვიპროსს სჯობს. სანიოლის შეგირდები 15 ოქტომბერს თბილისში სწორედ კვიპროსს უმასპინძლებენ.
ნორვეგია – საქართველო 2:1 (2:0)
12 სექტემბერი. ოსლო. სტადიონი „ულევაალი“.
ნორვეგია:
ნილანდი, აიერი, სტრანდბერგი, ოსტიგორი, ლარსენი (ბერგე, 71), ბერგი, აურსნესი, ოდეგორი, ბიორკანი, ჰოლანდი, ნუსა (სოლბაკენი, 71).
მთავარი მწვრთნელი:
სტალე სოლბაკენი.
საქართველო: მამარდაშვილი; კვირკველია, კაშია, კალანდაძე; გოჩოლეიშვილი (მამუჩაშვილი, 46) ქოჩორაშვილი, (მექვაბიშვილი, 76) კიტეიშვილი, აზაროვი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე, 67), მიქაუტაძე (ზივზივაძე, 67), კვარაცხელია
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 ჰოლანდი (25), 2:0 ოდეგორი (33), 2:1 ზივზივაძე (90).
გაფრთხილება:
დავითაშვილი (64), ზივზივაძე (82)
მთავარი მსაჯი:
ნიკოლა დაბანოვიჩი (ჩერნოგორია).
ლაშა თაბაგარი