ქოჩორაშვილი: “მწვრთნელის დავალების შესრულება უკეთესად შეგვიძლია”

0
4

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტ გიორგი ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ ფეხბურთელებს მწვრთნელის დავალების შესრულება უკეთესად შეუძლიათ. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის შესარჩევ ციკლში ოსლოში ნორვეგიასთან 1:2 წაგებული მატჩის მერე განაცხადა.
გიორგი ქოჩორაშვილი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ შანსი მომეცა და ვითამაშე, დებიუტი მქონდა. თუმცა, რთული თამაშები გამოვიდა, გუნდისთვის და მთელი საქართველოსთვის. ვეცდებით, გავაუმჯობესოთ და ეს გამოცდილება გამოვიყენოთ. ვეცადეთ მწვრთნელის დავალება შეგვესრულებინა, მაგრამ ამის გაკეთება უკეთესად შეგვიძლია გაკეთება. ვფიქრობ, საწყისი 20 წუთი კარგად შევასრულეთ დავალება, შეგვეზღუდა სივრცეები, როგორც ჰოლანდისთვის, ისე ოდეგორისთვის, რათა ბურთი ნაკლებად მიეღოთ, მაგრამ საბოლოოდ, გოლი გაიტანეს და მერე უფრო გართულდა თამაში.
ბავშვობიდან მჯეროდა, რომ ნაკრებში ვითამაშებდით. იმის მიუხედავად, რომ ერთი წლის წინ მესამე დივიზიონში წავედი სათამაშოდ, ვეცადე, რომ მაქსიმუმი გამეკეთებინა და გამეუმჯობესებინა ის პატარა შეცდომები, რაც კარიერაში მქონდა და ვეცდები გავაგრძელო, რადგან არასდროს არაფერია დაკარგული, დღეს თუ არ გამოდის, ხვალ გამოვა და შრომით ყველაფერი შესაძლებელია. ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივარს ამ მხარდაჭერისთვის, ამას ვგრძნობთ და ვეცდებით მათი გადმოცემული მუხტი მომდევნო მატჩებში დავაფასოთ და უკეთ ვითამაშოთ.
„ლევანტეში“ თავიდანვე მაფასებდნენ, რამდენიმე თამაში 3 წლის წინაც ვითამაშე, მაგრამ თუ გაქვს შეცდომები ჯობია გამოასწორო. სწორედ მესამე დივიზიონში იყო ამაზე მუშაობის საშუალება, ამ ყველაფერზე მუშაობის, ჩემს თავში თვითრწმენის დასაბრუნებლად, როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად და ტექნიკურად. ფსიქოლოგიურად ყოველთვის ერთ დონეზე უნდა იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.