საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში გამარჯვებით დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გიბრალტარელ თანატოლებს უმასპინძლა და 3 ქულის აღება არ გაჭირვებია.
მატჩის მე-8 წუთზე მარჯვენა ფრთიდან მასპინძელთა ფეხბურთელის ჩაწოდების სემდეგ, გიბრალტარის მცველმა თავის საჯარიმოში ბურთი ცუდად მოიგერია, ხოლო ოთარ მამაგეიშვილმა თითქმის თერთმეტმერიანი ნიშნულიდან ერთი შეხებით ბურთი კარს ააცილა.
მე-10 წუთზე საბა ხვადაგიანმა მოედნის ცენტრიდან ზუსტი პასი გაუკეთა ოთარ მამაგეიშვილის, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში ერთი შეხებით ბურთი დაამშავა, ხოლო მეორეთი ანგარიში გახსნა – 1:0.
მე-17 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლაშა ოდიშარიამ შეუტია და პასი გიბრალტარელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც ორ მცველს შორის მოქცეულმა ვასილიოს გორდეზიანმა თავით ზუსტად დაარტყა – 2:0.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დროა არ გასულა, რომ პარტნიორმა კარგად შეაყოლა ბურთი სტუმართა საჯარიმოში გახსნილ ნოდარ ლომონაძეს, რომელმაც მარჯვენა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში გორდეზიანმა გიბრალტარელთა საჯარიმოში ქუსლით პასი ლომინაძეს გაუკეთა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არ დაარტყა და კვერნაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიშის გაზრდის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა
მეორე ტაიმის შუაწელში გიორგი მაისურაძის გადაცემის შემდეგ, ბურრთი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან გახსნილმა ლომინაძემ მიიღო, რომელმაც ცრუ მოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და გორდეზიანი მოძებნა, რომლის დარტყმული საკუთარ თავზე მცველმა მიიღო.
შეხვედრის მიწურულს ნიკა ცხოვრებაშვილმა შეტევის მარცხენა ფლანგზე სისწრაფეში დაჯაბნა მეტოქე და საჯარიმოში პასი ჯადული იობაშვილმა გაუკეთა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.
საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას სტუმრად კიშიონიოვში მოლდოვასთან ჩაატარებს.
საქართველო-გიბრალტარი 2:0 (2:0)
6 სექტემბერი. ქუთაისი. რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი.
საქართველო: მაქაცარია, რუხაძე, გოგლიჩიძე, ხვადაგიანი, ლომინაძე (მორჩილაძე 71), ოდიშარია (ოგბაიძე 72), ო. მამაგეიშვილი, გორდეზიანი (იობაშვილი 74), კვერნაძე (აბუაშვილი 86), მაისურაძე, სიგუა (ცხოვრებაშვილი 46)
მთავარი მწვრთნელი: რამაზ სვანაძე.
გიბრალტარი: აველიანო, ჯონსი (დუა 46), მაკლაფერტი, ქერინგთონი, რაში, დე ჰარო, რიჩარდსი, სტევენსი (მაკგრალი, 85), კლინტონი (კაეტანო, 77), ჯესოპი (ელ-დინი, 46), ბორგე (დელ რიო, 61).
მთავარი მწვრთნელი: დავიდ ოჩელო.
გოლები: 1:0 ოთარ მამაგეიშვილი (10), 2:0 გორდეზიანი (17)
მთავარი მსაჯი: დინიარ სახი (ყაზახეთი)
ლაშა თაბაგარი
