“კოპენჰაგენი”, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
დანიურმა გუნდმა პლეი-ოფის პირველ მატჩში სტუმრად პოლონეთის “რაკუვს” 1:0 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დაასრულა და ჯგუფის საგზური მოიპოვა.
ხოჭოლავამ ივლისის დასაწყისში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და ამიტომ ვერ თამაშობს. მანამდე, მას ანალოგიური ქირურგიული ჩარევა მარცხენა მუხლზე დასჭირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველის მოედანზე დაბრუნების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ხოჭოლავას გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლი” ითამაშებს, რომელშიც ხვიჩა კვაარცხელია გამოდის. ასევე, ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებენ გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, რომლებიც დონეცკის “შახტარში” გამოდიან.
ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა დღეს მონაკოში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
