თორნიკე შენგელია: “სლოვენიასთან მხოლოდ მოსაგებად ვითამაშებთ”

0
20

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე სასტარტო შეხვედრაში  მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, მეორე შეხვედრას 28 აგვისტოს გამართავს, რომელშიც F ჯგუფის ფავორიტს, ლუკა დონჩიჩის სლოვენიას დაუპირისპირდება. მატჩის წინა დღით საღამოს ცატარებული წვრთნის შემდეგ ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანმა, მუნდიალის სასტარტო შეხვედრაში ქართველთაგან ყველაზე მაღალშედეგიანმა მოთამაშე თორნიკე შენგელიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:
კაბო ვერდესთან ისტორიული გამარჯვებით გახარებულები ვართ, მაგრამ ამით ყველაფერი არ გვითქვამს. პირველ ტურში არაფერი დამთავრებულა. სლოვენიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. ვიცით, რამდენად ძლიერი გუნდია, რამდენად კარგი მოთამაშეები ჰყავს. ჩვენი მომდევნო მეტოქის წამყვანი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩია, რომელსაც ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, თუმცა სლოვენიელთა სხვა ნებისმიერი წევრისგანაც საფრთხეა მოსალოდნელი. მართალია, რამდენიმე მოთამაშე უკვე ასაკოვანია, მაგრამ ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ, რაც კალათბურთში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეორე მატჩშიც გავიმარჯვოთ.
ჩვენი ძლიერი მხარე ფარქვეშ თამაშია, მათი – პერიმეტრზე. ვნახოთ, ვინ როგორ დაცვას ითამაშებს. ჩემი აზრით, ამ მატჩის ბედს დაცვა გადაწყვეტს“.
საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 30 აგვისტოს ვენესუელასთან გამართავს.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან