ნიკა კაჭარავამ ლეტუვას ჩემპიონატში დებიუტი გოლით აღნიშნა. 28-ე ტურში „პანევეჟისი“, რომელსაც ქართველი თავდამსხმელი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, სახლში „ბანგას“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა.
კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო, როდესსაც მისი გუნდი 1:0 იგებდა. მან 83-ე წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც თავად ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სხვათა შორის, მასპინძლებმა პირველი ბურთიც თერთმეტმეტრიანიდან გაიტანეს.
„პანევეჟისი“ 68 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
„უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში ზედიზედ მეორე თამაში წააგო. ამჯერად, გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი შინ „ბლექბერთან“ 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 55-ე წუთზე ჩაერთო. „უოტფორდი“ 4 ქულით 24-გუნდიან ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
