ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ანდრეი დემჩენკოს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით აჭარელებმა სტუმრად „გაგრა“ მატჩის ბოლო წუთებში გატეხეს.
შეხვედრაში პირველი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე გავიდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა ცოტნე ფაცაციამ ჩააწოდა და ერეკელე სულთანიშვილმა ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 0:1.
95-ე წუთზე „დინამოს“ კონტრშეტევის დროს მეკარესთან პირისპი დარჩენილი მათე ვაწაძის დარტყმული ბურთი გიორგი ბედიაშვილმა მოიგერია, მაგრამ პაატა ღუდუშაურმა ზუსტდად დაამატა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 0:2.
ბათუმელებს 49 ქულა აქვთ და 10-გუნდიან ჩემპიონატს ლიდერობენ, ხოლო „გაგრა“ 18 ქულით მერვე პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
