ილიას ზუროსი: “მომავალ მატჩებშიც მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიზრუნოთ”

0
13

მსოფლიო ჩემპიონატის სტარტზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მატჩის პროგნოზის  რთული არ იყო – საქართველო კაბო ვერდეზე ძლიერია, ამიტომაც აფრიკელებთან დაპირისპირებისას ფავორიტი იყო, მოლოდინისამებრ მოიგებდა და მუნდიალის სტარტს რიხიანად აიღებდა. საბოლოოდ ჩვენებმა 85:60 იმარჯვეს და ქართველი გულშემატკივარი გაახარეს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ბერძენმა დამრიგებელმა ილიას ზუროსმა შემდეგი განაცხადა:
“ისტორიული დღეა – საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე და მოხარულები ვართ, რომ მოვიგეთ. მომავალ მატჩებშიც მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიზრუნოთ.
კაბო ვერდესთან მოსალოდნელზე უკეთ ვითამაშეთ. ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს წარმატებისთვის. გოგა ბითაძეს მცირე ტრავმა აწუხებდა, ამის მიუხედავად, “ოკინავა არენას” პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სლოვენია გამორჩეული გუნდია, რომლის შემადგენლობაში ლუკა დონჩიჩი თამაშობს. ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებთან თამაში დიდი გამოწვევაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ”.
მომდევნო მატჩს ჩვენები 28 აგვისტოს სლოვენიასთან ჩაატარებენ, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 30 აგვისტოს ვენესუელასთან გამართავენ.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან