გუშინ საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ვარჯიშის შემდეგ საქართველოს ნაკრების წევრებს გავესაუბრეთ. ყველა მათგანი დღევანდელ მეტოქეს კაბო ვერდეს სიფრთხილით უდგებოდა, თუმცა, მათ მიერ გამოთქმულ ყველა სიტყვასა თუ ფრაზაში შეუიარაღებელი თვალით (ყურით) აშკარად იგრძნობოდა, ჩვენები საკუთარ შესაძლებლობებსა თუ მომზადების დონეში თავდაჯერებულები რომ იყვნენ და წინასამატჩო პროგნოზის გაკეთებაც რთული არ იყო – საქართველო კაბო ვერდეს აუცილებლად მოუგებდა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის სტარტს რიხიანად აიღებდა.
ასეც მოხდა – მუნდიალზე აფრიკის წარმომადგენელმა მხოლოდ პირველი პერიოდის საწყის წუთებზე მოახერხა დაწინაურება, რასაც გიორგი ცინცაძემ ორი, თად მაკფადენმა ერთი ზუსტი სამქულიანებით უპასუხეს, საქართველო წინ გაიჭრა და მას შემდეგ მოყოლებული საკუთარი დიდი უპირატესობა ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია. პირველი ტაიმი ჩვენებმა 48:22 მოიგეს, მესამე მეოთხედში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და დასკვნით ათწუთეულს ფორმალური ხასიათიღა დაუტოვეს – 70:37. საბოლოოდ ჩვენებმა 85:60 იმარჯვეს და ქართველი გულშემატკივარი გაახარეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საწყის მატჩში ჩვენ ეროვნულ გუნდში სამუნდიალე განაცხადში მყოფმა 12-ივე კალათბურთელმა იასპარეზა. ქულის მოპოვება 11-მა შეძლო, ერთბაშად შვიდმა ქართველმა მოთამაშემ კი შვიდი და მეტი ქულის დაგროვება მოახერხა. კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 16 ქულას 7 მოხსნა მიამატა, 15 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა გოგა ბითაძემ, სანდრო მამუკელაშვილის აქტივში 10 ქულა 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემაა, რატი ანდრონიკაშვილმა კი 7 ქულას 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიამატა.
მომდევნო მატჩს ჩვენები 28 აგვისტოს სლოვენიასთან ჩაატარებენ, პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას კი 30 აგვისტოს ვენესუელასთან გამართავენ.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად atiani.ge-სთვის ოკინავადან