საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატის წინ, კაბო ვერდესთან ტურნირის სასტარტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში დღეს, ტურნირის მასპინძელ “ოკინავა არენას” მახლობლად მდებარე დარბაზ “გიმნაზიუმში” ჩაატარა. გუნდმა დაახლოებით საათი და 20 წუთი ივარჯიშა, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ჩვენი ნაკრების კაპიტან თორნიკე შენგელიას ვესაუბრეთ.
თორნიკე შენგელია: “ოკინავაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გველის. მთლიანობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი მიზნის შესახებ მხოლოდ იმას მოგახსენებთ, რომ ყოველი კონკრეტული ასპარეზობისთვის მოვემზადებით და წარმატებით გამოსვლას დავგეგმავთ. ქაღალდზე ჩვენ კაბო ვერდესთან ფავორიტები ვართ, სლოვენიასთან მატჩში კი უპირატესობას ბალკანელებს ანიჭებენ. თუმცა, ეს ბევრს არ ნიშნავს – მთავარია საკუთარი ძალა წარმოვაჩინოთ. კაბო ვერდე ხელწამოსაკრავი ოპონენტია არაა, მაგრამ თუკი ჩვენ თამაში წაგვივა, დასახულ ამოცანას გადავჭრით.
სლოვენიელთა ლიდერი ლუკა დონჩიჩია, თუმცა, დასავლეთსლავებს შემადგენლობაში სხვა მაღალი კლასის მოთამაშეებიც ჰყავს. მითამაშია სლოვენიელი კალათბურთელების მხარდამხარ, სლოვენიელი მწვრთნელიც მყოლია… დონჩიჩის განეიტრალებას რაც შეეხება, ამას ან პერსონალურად ან კოლექტიური მცდელობით შევეცდებით.
მადლობა მსურს გადავუხადო ტურნირის ორგანიზატორებს და მთლიანად იაპონელებს. ოკინავაში ჩამოსვლის შემდეგ არანაირი სირთულე არ გვიგრძვნია, იაპონელთა კეთილგანწყობას კი ყოველ ნაბიჯზე თვალნათლივ ვხედავთ”.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად ATIANI.GE-სთვის ოკინავადან
