სანდრო მამუკელაშვილი: “ნაკლებად ვღელავთ – ჩვენი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაზე ვიზრუნებთ”

0
22

ერთდროულად სამ აზიურ ქვეყანაში ფილიპინებზე, ინდონეზიასა და იაპონიაში ჩასატარებელმა მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო, ხვალ კი ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები კალათბურთის მუნდიალის ისტორიულ პირველ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე საკალათბურთო აფრიკის წარმომადგენელს კაბო ვერდეს გაეჯიბრება.
ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ვარჯიში დღეს, ტურნირის მასპინძელ “ოკინავა არენას” მახლობლად მდებარე დარბაზ “გიმნაზიუმში” ჩაატარა. გუნდმა დაახლოებით საათი და 20 წუთი ივარჯიშა, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ჩვენ მოთამაშეებთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.
სანდრო მამუკელაშვილი: “გუნდში საბრძოლო, ამაღლებული განწყობაა. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრამ ყველა გაგვახარა, მაგრამ ოკინავაზე ჩამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო კარგად ვიგრძენით, რაოდენ დიდი მისია გვაკისრია. ბიჭები ფრიად მოტივირებულები ვართ და მოუთმენლად ველით სასტარტო მატჩს. ნაკლებად ვღელავთ, უფრო ჩვენი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაზე ვიზრუნებთ. კაბო ვერდე აქცენტს სწრაფ თამაშსა და სამქულიანების ზუსტად შესრულებაზე აკეთებს. ჩვენი მიზანი მათი ამ ორივე სათამაშო კომპონენტის განეიტრალებაა. გავიმეორებ, გუნდში კარგი განწყობაა, კალათბურთელები კარგ ფორმაში ვართ და ჩვენში იმედიანი განწყობა სუფევს”.

გოჩა კაჭარავა სპეციალურად ATIANI.GE-სთვის ოკინავადან