ფილიპინებზე, ინდონეზიასა და იაპონიაში ჩასატარებელმა მსოფლიო საკალათბურთო ჩემპიონატმა სტარტი დღეს აიღო, ხვალ კი მთლიანად ქართული სპორტის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა – ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები მუნდიალის პირველ მატჩს ჩაატარებს. საქართველოს ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ხვალ საკალათბურთო აფრიკის წარმომადგენელს კაბო ვერდეს რჩეულ კალათბურთელებს გაეჯიბრება.
ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ ბოლო ვარჯიში დღეს, ტურნირის მასპინძელ “ოკინავა არენას” მახლობლად მდებარე დარბაზ “გიმნაზიუმში” ჩაატარა. გუნდმა დაახლოებით საათი და 20 წუთი ივარჯიშა, წვრთნის დასრულების შემდეგ კი ჩვენ მოთამაშეებთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა.
გიორგი შერმადინი: “ოკინავაში ჩამოსვლამდე და აქაც მომავალი ტურნირისთვის ინტენსიურად ვემზადებით. იმედია, ჩვენი მცდელობა სათანადო ნაყოფს გამოიღებს. სასტარტო შეხვედრას კაბო ვერდესთან ვატარებთ. ჩვენმა დამრიგებლებმა კარგად შეისწავლეს ამ გუნდის თამაში და სათანადო რჩევა-დარიგებაც მოგვცეს. აფრიკელები ერთი შეხედვით ქაოტურ, სწრაფ ასპარეზობაზე აკეთებენ აქცენტს. მთავარია, მათ არ ავყვეთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. მოგეხსენებათ, კუნძულელთა ლიდერი ვალტერ ტავარეშია, თუმცა, მადრიდის “რეალისგან” განსხვავებით აფრიკელთა მეფარე ნაკრებში ცოტათი განსხვავებული ფუნქციებითაა დატვირთული. ჩვენი ფიქრი ხვალინდელ მატჩს უტრიალებს და სასურველი შედეგის მისაღწევად არაფერს დავიშურებთ. კარგად გვესმის რაოდენ დიდი მისია გვაკისრია და დასახული ამოცანის გადასაჭრელად მზად ვართ”.
გოჩა კაჭარავა სპეციალურად ATIANI.GE-სთვის ოკინავადან
