აგდამის „ყარაბაღმა“, რომელშიც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სერიოზული ნაბიჯი გადადგა. აზერბაიჯანულმა გუნდმა პირველი მატჩი სტუმრად ლუბლიანას „ოლიმპიასთან“ ჩაატარა და 2:0 გაიმარჯვა.
საქართველოს ნაკრების მეკარემ მიმდინარე სეზონში ევროთასებზე აგდამელთა სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა. განვლილ შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში 32-ე წუთზე მედინამ გახსნა, ხოლო ტაიმის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე ლეანდრო ანდრადემ სლოვენიელთა კარი მეორედ აიღო.
„ყარაბაღი“ „ოლიმპიას“ 31 აგვისტოს ბაქოში უმასპინძლებს და ჯგუფში მოხვედრა ფაქტობრივად გარანტირებული აქვს, რადგან რთულად წარმოსადგენია, რომ პირველი თამაშის მოგების მერე, საშინაო კედლებში ტურნირს გამოეთიშოს.
ლაშა თაბაგარი





