არჩილ ბერიძე: “გეგუჩაძემ “დინამო ბათუმის” თანამდროვე ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა”

0
63
ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხდა. ამის შესახებ აჭარული კლუბის პრესსამსხური იუწყება:
“მსურს მადლიერება გამოვთქვა ბატონი გია გეგუჩაძის მიმართ, რომელმაც დინამო ბათუმის თანამდროვე ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. ასევე მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბის წევრებს: დავით ჯანელიძეს, ზურაბ მამალაძეს და დავით კევლიშვილს დაუღალავი შრომისთვის და წლების მანძილზე გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის.
ჩვენ ერთად ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ გუნდის შენება. ერთად გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რომელმაც დინამო ბათუმი დღეს ამბიციურ გუნდად აქცია. რა თქმა უნდა, რთული იყო გზა ეროვნული ლიგა 2-დან ქვეყნის ჩემპიონობამდე, თუმცა ფეხბურთში ასე ხდება – წარმატებას ხშირად ახლავს იმედგაცრუება. მთავარია არ დანებდე და წამოდგომა მოახერხო, ჩვენ კი ეს გიასთან ერთად არაერთხელ შევძელით. მე, არჩილ ბერიძე, მადლობას ვუხდი გია გეგუჩაძეს, ამ შემთხვევაში არა მხოლოდ როგორც კლუბის პრეზიდენტი, არამედ როგორც დინამო ბათუმის ერთ-ერთი რიგითი გულშემატკივარი, რომ ჩვენი კლუბის ისტორიაში, პირველი საჩემპიონო ვარსკვლავის ანთებაში დაგვეხმარა. ეს ტიტული გუნდის თოთოეული ქომაგის სანუკვარი ოცნება იყო და საჩემპიონო ემოციები არასდროს დაგვავიწყდება.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქის გუნდს სამომავლოდ უფრო დიდი წარმატებები ელოდება, თუმცა გია გეგუჩაძის მიღწევები, განსაკუთრებული ამბავი იქნება ჩვენი გუნდის საუკუნოვანი ისტორიიდან. წარმატებებს ვუსურვებ მას პროფესიულ საქმიანობაში და მადლობა კიდევ ერთხელ გაწეული სამუშაოსთვის”.