რამაზ სვანაძე: “საქართველოს ეროვნული ნაკრები ჭაობში არ დაეშვება”

0
1

რამაზ სვანაძის განცხადებით საქართველოს ეროვნული ნაკრები ჭაობში არ დაეშვება. ჩვენი გუნდის თავკაცმა ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან 0:1 წაგების შემდეგ განაცხადა.
რამაზ სვანაძე: “ვცდილობდით, ყველა მატჩში პირველ ნომრად გვეთამაშა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემები გვქონდა და ეს ფაქტია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ როდესაც გუნდის შენება იწყება, ყველაფერი ბურთის ფლობიდან მოდის, საგოლე მომენტები კი ნელ-ნელა უნდა დაიხვეწოს. ამასთან, დაგვიბრუნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც შეგვმატებენ იმ ხარისხს, რაც განსაკუთრებით შეტევის დასკვნით ფაზაში გვჭირდება.
კრიტიკა იყო და ახლა კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც აუცილებლად უნდა მივიღოთ. როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი წარუმატებელი სერია აქვს, კონკრეტულად ერთ თამაშზე საუბარი ნაკლებად მიზანშეწონილია. მიმაჩნია, რომ დასრულდა ერთი დიდი ციკლი და მარტიდან სულ სხვა გუნდი უნდა ვიყოთ: განსხვავებული შემადგენლობით, შემართებითა და მენტალობით. წარსულის მიღწევებისთვის ყველას მადლობას ვუხდი, ეს ძალიან კარგი იყო, თუმცა დღევანდელი დღე და მომავალია ყველაზე მთავარი.
დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები. ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ისე გაგრძელდება, რომ გულშემატკივარი და მთელი ქვეყანა კვლავ იხილავს ისეთ ეროვნულ ნაკრებს, როგორიც ევროპის ჩემპიონატის დღეებში იყო, როცა მთელი საქართველო ერთიანი გახლდათ.
ახლა ჩვენ ძალიან გვჭირდება ერთიანობა და გვერდით დგომა. შეცდომები ჩვენს პროფესიაში ჩვეულებრივი მომენტია და ეს ეხება ყველას — როგორც ფეხბურთელებს, ისე მწვრთნელებს. არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურებიც უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს.
აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი რამ: ბოლო დღეებში ბევრგან შემხვდა მოსაზრება, თითქოს ისევ ჭაობში დავეშვით. გარწმუნებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჭაობში არ დაეშვება. მარტში გველის პლეი-ოფი, რომელსაც ნაკრები აუცილებლად დაძლევს, რადგან ამისთვის აქამდეც ყველაფერი კეთდებოდა და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება. ჩვენ ვთამაშობთ B დივიზიონში. ფაქტია, რომ ამ ეტაპზე A დივიზიონისთვის მზად არ ვიყავით, თუმცა შეგვწევს იმის ძალა და პოტენციალი, რომ შევინარჩუნოთ ადგილი B დივიზიონში და ეტაპობრივად გავზარდოთ სათამაშო ხარისხი.
გარდა ამისა, ნაკრებთან ერთად უკვე მერვე წელია მოვდივარ და კარგად ვიცოდი, სად მოვდიოდი. ამ რვა წლის განმავლობაში ერთად ვიყავით იმ უდიდესი წარმატებების მონაწილენი, რაც ქართულ ფეხბურთს ჰქონია. ახლა კი პირველად გვიწევს, ერთად ვიყოთ ამ კრიზისის მონაწილენიც.
პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ყველაფერს გავაკეთებ ამ მდგომარეობის მალე დასაძლევად. ჩვენ კრიზისების გადალახვის გამოცდილება გვაქვს. ეს ტვირთი რეალურად ჩემზე მოდის და მე უნდა ვზიდო, თუმცა კარგად ვიცი, რა შეგვიძლია. ყველა დასახული გეგმა აუცილებლად შესრულდება. ამიტომ გარწმუნებთ, რომ მარტიდან თქვენ იხილავთ აბსოლუტურად განსხვავებულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს — ისეთს, როგორიც ყველას გვსურს“.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაში გამოსვლა მოგებისა და გატანილი გოლის გარეშე დაასრულა. მეტიც, ერთა ლიგის ოთხი ლიგაში საქართველო ერთადერთია, რომელმაც ჯგუფური ეტაპი უგოლოდ დაასრულა. საქართველოს ნაკრებმა თითო ქულა სახლში უკრაინასთან (0:0) და სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან (0:0) მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა გოლი ზედიზედ ექვს ოფიციალურ თამაშში ვერ გაიტანა, რაც მანამდე არასოდეს მომხდარა. მანამდე, ყველაზე ცუდი სერია 2013 წელს იყო, როცა მეტოქეთა კარი მიჯრით 4 თამაშში ვერ ავიღეთ.
საქართველოს ნაკრები მომავალი წლის გაზაფხულზე B ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფში C ლიგის ჯგუფებში ერთ-ერთ მეორეადგილოსანს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეები ბელარუსის, კვიპროსის, ფარერის კუნძულებისა და ესტონეთის ნაკრებები არიან. წილისყრა 20 ნოემბერს გაიმართება, პლეი-ოფის შეხვედრები კი 2027 წლის მარტში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი