„ტორპედომ“ სტუმრად მიჯრით მეორედ გაიმარჯვა

0
51

ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისში „საბურთალოსთან“ გამარჯვების შემდეგ, 21-ე ტურში ასევე სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერი „სამტრედია“ დაამარცხა. ქუთაისელებმა ისევ სამი გოლი გაიტანეს, მაგრამ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთი გოლით მეტი გაუშვეს.
მე-13 წუთზე „სამტრედიამ“ მარცხენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და ქუთაისელთა მცველმა თავით უხეიროდ მოიგერია ბურთი, რომელიც შორეულ ძელთან მდგომმა მათე აბულაძემ ასევე თავით კარში ზუსტად გადაგზავნა – 1:0.
27-ე წუთზე ილია ახვლედიანი „ტორპედოს“ ერთ ფეხბურთელს გაცდა და საჯარიმოში შესული გვერდის ავლას მეორესთვისაც ცდილობდა, რომელმაც ხელით ითამაშა – მთავარმა მსაჯმა გიორგი ყრუაშვოლმა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. რევაზ ინჯგიას შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, სტუმართა სერბმა მეკარე კლიაიჩმა მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
37-ე წუთზე მარცხენა ფრთიდან ლაშა შერგელაშვილის ზუსტი პასის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში გახსნილმა მაურო კაბალიერომ ვარდნაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე კარიდან საჯარიმოს გარეთ გამოსულმა რეზო ლომიძემ ირაკლი ბუღრიძე წააქცია. კვირიკაშვილის დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი არაბიძემ შეასრულა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა. 73-ე წუთზე არაბიძემ ოსტატურად კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა და მეკარის მოგერიებული ბურთი, რომელიც რაჰმატ აკბარიმ მარცხენა მახვილი კუთხიდან კარისკენ გაგზავნა, ახვლედიანმა თავის კარში ჩაჭრა.
ძირითადი დროსთვვის დამატებულ პირველ წუთზე მარცხენა ფლანგიდან დავით უბილავამ პასი ქუთაისელთა საჯარიმოში გააკეთა, სადაც ტანდაბალმა დავით კირკიტაძემ გიორგი ქობულაძეს დაასწრო და ვარდნაში თავით ზუსტად დაარტყა – 2:3. „სამტრედიამ“ მატჩი კაცნაკლულმა დაასრულა, რადგან თამაშის ბოლო წუთზე მალხაზ ჩიტაიშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს.
შოტლანდიელი სტივ კინის გაწვრთნილმა „ტორპედომ“ 30 ქულა დააგროვა და 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-6 ადგილზეა. მაკედონიელი დიმიტარ კაპინკოვსკის ხელმძღვანელობით „სამტრედიას“ 11 ქულა აქვს და ბოლოსწინაა.
თბილისის საბურთალომ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურში აუტსაიდერ ქობულეთის შუქურა დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.
ომარ თეთრაძის გაწვრთნილმა საბურთალომ პირველივე ტაიმში გადაწყვიტა თამაშის ბედი. მე-9 წუთზე მალელმა შეიკნე სილამ სწრაფი შეტევა ძლიერი დარტყმით დაასრულა. მალევე ლუკა სილაგაძემ ცაციით გაუტანა სტუმრებს.
ტაიმის ბოლო წუთებში ისევ სილაგაძემ ახლო კუთხეში დაურტყა გიორგი აბრამიშვილს და 3:0 გახდა ანგარიში, ხოლო ზედ შესვენების წინ შეიკნე სილამ პენალტი გამოიყენა (პენალტი ცოტნე კაპანაძის წაქცევისთვის დაინიშნა).
ანუ, პირველი ტაიმი ოთხბურთიანი უპირატესობით დასრულდა, სილასა და სილაგაძის დუბლებით. მალელს სეზონში 10 გოლი მოუგროვდა, სილაგაძეს კი – 9.
მეორე ტაიმში ზაზა ციცქიშვილმა მიითვალა ლამაზი გოლი და 5:0 გახადა ანგარიში, ხოლო 82-ე წუთზე შუქურას 20 წლის ნახევარმცველმა ლუკა რობაქიძემ შეამცირა სხვაობა. საინტერესოა, რომ რობაქიძეს დებიუტი ჰქონდა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
შუქურაზე დავწერეთ, რომ აუტსაიდერია. საბურთალო კი მეორე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება დინამო ბათუმს, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. 
სამტრედია 2:3 ტორპედო 
საბურთალო 5:1 შუქურა
ლაშა თაბაგარი